იაპონური პროდუქტის მაღაზია Phin Tokyo Plaza კაფეს და მეორე ფილიალს ხსნის

2 თვის წინ, თბილისში იაპონური პროდუქტის მაღაზია Phin Tokyo Plaza გაიხსნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მაღაზიის გენერალური მენეჯერი, ფატი კეკელია ამბობს, ეს PTP გრუპის რეგიონში პირველი და საქართველოში ერთადერთი მაღაზიაა, სადაც ავთენტიკური იაპონური საკვები და სასმელი პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი და საკანცელარიო ნივთები იყიდება. მისივე თქმით, უახლოეს კვირებში მაღაზიის სივრცეში კაფეს გახსნა იგეგმება, 2024 წლის დასაწყისში კი მეორე ფილიალი ბათუმში ექნებათ.
„კომერსანტი“ Phin Tokyo Plaza-ს გენერალურ მენეჯერს მაღაზიის ასორტიმენტისა და საქართველოში PTP გრუპის გეგმებზე ესაუბრა.
როდის გაიხსნა იაპონური მაღაზია თბილისში?
ფატი კეკელია, Phin Tokyo Plaza-ს გენერალური მენეჯერი: PTP გრუპი უკვე 12 წელია არსებობს. საქართველოს გარდა მას აქვს მაღაზიები კამბოჯაში, მოლდოვასა და ლაოსში. იმპორტიორები არიან და მათი ინტერესის ქვეშაა ისეთი ქვეყნები, სადაც ნაკლებად იცნობენ იაპონურ პროდუქცია. კომპანია ძალიან დაინტერესებულია კავკასიის რეგიონით და თურქეთით. არჩევანი იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. „ფითიფი კავკასიას“ დამფუძნებელი ჰილოაკი იონესაკა, როცა საქართველოში ჩამოვიდა, იმ წუთას მიხვდა, რომ აქ უნდა გაეკეთებინა ფილიალი. მაღაზია 28 სექტემბერს გაიხსნა.
ანუ ეს PTP გრუპის პირველი მაღაზიაა საქართველოში?
ეს ამ ჯგუფის საქართველოში და საერთოდ საქართველოში ერთადერთი ავთენტიკური იაპონური პროდუქტის მაღაზიაა. ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ მომწოდებლებთან და ქარხნებთან და ფასებიც, ხარისხთან შედარებით, უმდაბლესია.
რა სიახლეები გაქვთ ასორტიმენტში
ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტი ქართველი მომხმარებლისთვის სიახლეა. შეიძლება აქამდე, მცირე რაოდენობით, იყო კორეული, ჩინური პროდუქცია, მაგრამ ავთენტიკური იაპონური პროდუქცია არ ყოფილა. გვაქვს როგორც თავის მოვლის საშუალებები, ასევე ბავშვთა მოვლა, ჭურჭელი, საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული, „სნეკები“, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელი, ლუდი, სოუსები, „ნუდლები“, „ლაფშა“ და გვექნება გაყიდული პროდუქციაც იმიტომ, რომ მოთხოვნა გაზიარდა და ლოიალური მომხმარებელი გვყავს.
რაზეა მოთხოვნა ქართველი მომხმარებლის მხრიდან და როგორია ფასები?
თინეიჯერები უფრო ინტერესდებიან გამაგრილებელი სასმლით და სწრაფად მოსამზადებელი ლაფშით. ლაფშას ფასები 5 ლარიდან იწყება, სასმლისაც – 4-5 ლარიდან. უფროსი ასაკის მომხმარებელს აინტერესებს – სოუსები, პასტა, საკმაზი, თავის მოვლის საშუალებები, ჭურჭელი და ა.შ. ასევე დიდი მოთხოვნაა „სნექებზე“, მოჩი, გვაქვს ასევე ლუდთან მისაყოლებელი ვასაბის „სნექი“. მოჩის ფასი 13-დან 28 ლარამდეა.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, ქსელის გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?
ასორტიმენტიც გაიზრდება და ის პროდუქციაც დაგვემატება, რომლის მარაგიც ამოიწურა. მალე გვექნება ბრინჯი, რომელსაც სუშის დასამზადებლად იყენებენ და ძალიან რთულ საშოვნელია,. ასევე სასმელი და თავის მოვლის საშუალებები.
რაც შეეხება ფილიალს, გინდა მეორე მაღაზია გავხსნათ ბათუმში იმიტომ, რომ აზიური – ჩინური, ტაილანდური, იაპონური რესტორნები დაინტერესებული არიან ჩვენი პროდუქციით. ბათუმში, უახლოეს მომავალში, 2024 წლის დასაწყისში გაიხსნება მაღაზია. ამას გარდა, უახლოეს კვირებში, ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში კაფე დაგვემატება, სადაც სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილეული, ავთენტიკური მოჩი, ბრინჯი ზღვის პროდუქტებში, „ნუდლები“, სასმელი და „სნექები“ გაიყიდება.