თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ბოლო სამ წელიწადში პირველად ჩავიდა გერმანიაში. ის ცალ-ცალკე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს. შეხვედრების მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთში ომი და მიგრაციის საკითხი იყო.
ერდოანთან ერთობლივი გამოსვლისას შოლცმა ისაუბრა ისრაელისა და “ჰამასის” (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტული ორგანიზაცია) შესახებ არსებულ უთანხმოებაზე.
ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა, თქვა შოლცმა ბერლინში და ფედერალური მთავრობა გმობს “ჰამასის” ტერაქტს, განუცხადა მან სტუმარს.
ოლაფ შოლცს ერდოანი პირდაპირ არ გაუკრიტიკებია. მან თქვა მხოლოდ, რომ გერმანიის მთავრობა წინააღმდეგია როგორც ანტისემიტიზმისა, ასევე ქვეყანაში მცხოვრები ხუთი მილიონი მუსლიმის გარიყვისა. მან აღნიშნა, რომ გერმანია ღაზაში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია.
კანცლერთან საუბრამდე თურქეთის პრეზიდენტი შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს. შტაინმაიერმა თურქი სტუმარი მიიღო ბერლინში, ბელვიუს სასახლეში. შტაინმაიერის წარმომდგენლის თანახმად, სტუმარს მან ახლო აღმოსავლეთის ახლანდელ კონფლიქტის გარშემო გერმანიის პოზიცია წარუდგინა: ისრაელში „ჰამასის“ შეჭრა ტერორისტული თავდასხმა იყო და თვით „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. შტაინმაიერმა აღნიშნა ისრაელის არსებობის უფლება, ასევე თავდაცვის უფლება. ორმა პრეზიდენტმა ერთად განაცხადა, რომ „რეგიონის მყარი მშვიდობა“ მხოლოდ კონფლიქტის „ორი სახელმწიფოს შექმნით მოგვარებისკენ“ გზაზეა შესაძლებელი. ერდოანი და შტაინმაიერი თანხმდებიან ასევე იმის შესახებ, რომ ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს ისრაელის მძევლების განთავისუფლების და კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილებისკენ.
ბერლინში მყოფმა ერდოანმა თქვა, რომ ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ და დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
ადრე მან ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ დასდო ბრალი, „ჰამასს“კი „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა.
გერმანიაში თურქული თემის თავმჯდომარემ, გიოქაი სოფუოღლუმ შორს დაიჭირა თავი ერდოანის მიერ ისრაელსა და „ჰამასზე“ გაკეთებული განცხადებებისგან. მან გერმანიის რადიოს უთხრა, რომ „ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელთანაც ბრძოლაა საჭირო. ის თვლის, რომ გამოთქმების მიუხედავად თურქეთთან დილოგია საჭირო.