ისრაელი დათანხმდა აშშ-ის მოთხოვნას – საწვავის პირველი პარტია ღაზაში შევიდა

საწვავის პირველი პარტია ღაზაში ეგვიპტიდან 17 ნოემბერს გვიან შევიდა მას შემდეგ, რაც დათანხმდა -ს მოთხოვნას, დაეშვა შეზღუდული რაოდენობის საწვავის შეტანა ღაზის სექტორში, არეალში, სადაც ისრაელი სამხედრო ოპერაციას ატარებს 7 ოქტომბერს „ჰამასის,“ აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფების, შეჭრის შემდეგ.
საწვავის უქონლობამ გამოიწვია კომუნიკაციების შეფერხება, რასაც მოჰყვა ღაზის სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონების შესვლის შეჩერება ორი დღით.
გაეროს სააგენტოების თანახმად, უმძიმესია 2,4 მილიონი პალესტინელის მდგომარეობა, რომლებიც გამოკეტილი არიან ღაზის სექტორში, რომელსაც ისრაელი ხმელეთიდან და ჰაერიდან ბომბავს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, იტყობინება AFP-ი.
საწვავის შეტანა მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის არმია ღაზას უმსხვილეს საავადმყოფოში ეძებდა „ჰამასის“ საოპერაციო ცენტრს, რომელიც, ისრაელის თანახმად, საავადმყოფოს ქვემოთ შექმნილ ბუნკერებში იმყოფება.
ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელმა პირობა დადო, რომ „გაანადგურებს“ „ჰამასს“ დაჯგუფების 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ, როცა რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ისრაელში შეაღწიეს და მოკლეს დაახლოებით 1200 ადამიანი, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე და დაახლოებით 240 პირი, ისრაელელი და უცხოელი მძევლად აიყვანა.
„ჰამასის“ კონტროლის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის არმიის საჰაერო და სახმელეთო იერიშების დროს დაიღუპა 12000 ადამიანი, მათ შორის 5000 ბავშვი. ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით შემოწმება შეუძლებელია.
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში მრჩეველმა, ცახი ჰანეგბიმ თქვა, რომ აშშ-ს მოთხოვნის საპასუხოდ, ისრაელის კაბინეტი ერთხმად დათანხმდა „დღეში ორი ტანკერით საწვავის მიწოდებას გამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების ასამოქმედებლად… რომლებსაც კოლაფსი ემუქრება ელექტროენერგიის ნაკლებობის გამო“, თქვა მან და განმარტა, რომ “მივიღეთ ეს გადაწყვეტილება ეპიდემიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ არ გვჭირდება ეპიდემიები, რომლებიც ზიანს აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას ან ჩვენს მებრძოლებს.”
აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვირების განმავლობაში ახორციელებდა დიდ ზეწოლას ისრაელზე, რათა საწვავის შეტანა დაეშვა ეგვიპტიდან, რაფაჰის გამშვები პუნქტიდან. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ნათლად თქვა, რომ ისრაელს სასწრაფოდ უნდა ემოქმედა ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.
ისრაელმა არაერთხელ მოითხოვა გარანტია, რომ ღაზაში შეტანილი ნებისმიერი საწვავი არ მოხვედრილიყო „ჰამასის“ ხელში და არ გამოეყენებინათ სამხედრო მიზნებისთვის ისრაელის წინააღმდეგ.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტომ (UNRWA) განაცხადა, რომ ადამიანების 70 პროცენტს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე სამხრეთ ღაზაში, სადაც გაუწმენდავი კანალიზაცია მოედინება ქუჩებში.

ასევე დაგაინტერესებთ