ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება.
დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან „ლელოს”დეპუტატები, რადგან მათივე შეფასებით, ეს პროცესი არის „იმიტაცია“ და „ქართულ ოცნებას“ არ სურს რეფორმების განხორციელება. 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი ასეთი შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველოს 9 რეკომენდაცია მისცა შესასრულებლად იმისათვის, რომ გაწევრიანების შემდგომ ნაბიჯზე – მოლაპარაკების გახსნის ეტაპზე გადავიდეს. რეკომენდაციები მოიცავს:
ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან ბრძოლას; ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესებას;
პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას – მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, ასევე საარჩევნო რეფორმების დასრულებას;
საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომ გაუმჯობესებას უსაფრთხოების სამსახურებზე, საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას;
ყოვლისმომცველი და ეფექტური სასამართლო რეფორმის დასრულებას და განხორციელებას, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველ რეფორმას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას, ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ინკლუზიური პროცესით;
დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესებას, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით.
მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყებას მოწყვლადი ჯგუფების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ მუქარის შემთხვევებში და ძალადობაში მონაწილეებისა და მის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას.
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას საკანონმდებლო და პოლიტიკის კეთების პროცესებში, მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფას.

ასევე დაგაინტერესებთ