ფინეთი მზად არის, რუსეთთან მთელი საზღვარი დახუროს

ფინეთმა გამოაცხადა, რომ 17 ნოემბრის შუაღამის შემდეგ, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ოთხ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს, ამასთან, ჩრდილოეთით, რუსეთთან საზღვრის გასწვრივ განთავსებული ოთხი სხვა გამშვები პუნქტი, ჯერჯერობით, ღია იქნება.
ფინეთის ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის, რიიკა პურას თქმით, თუ ხუთშაბათს, 16 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება რუსეთთან საზღვარზე ოთხი საგუშაგოს დახურვის შესახებ არ განმუხტავს სიტუაციას აღმოსავლეთ საზღვარზე, ქვეყნის მთავრობა მზად იქნება შემდგომი ზომების მისაღებად.
„ჩვენ ძალიან დაბალი ბარიერი გვაქვს შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც გულისხმობს მთელი აღმოსავლეთის საზღვრის დახურვას და თავშესაფრის მაძიებელთა მისგან მოშორებით კონცენტრირებას“, – აღნიშნა პურამ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Yle) გადაცემა A-Talk-ში ხუთშაბათ საღამოს გამოსვლისას.
ფინეთის მთავრობამ გადაწყვეტილება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ვაალიმაას, ნუიიამაას, იმატრასა და ნიირალას სასაზღვრო-გამშვები პუნქტების პარასკევს შუაღამიდან დახურვის შესახებ წინა დღეს, ხუთშაბათს მიიღო. ჩრდილოეთით მდებარე კიდევ ოთხი გამშვები პუნქტი, რომელებიც რუსეთთან 1300 კილომეტრიანი საზღვრის გასწვრივ არის განთავსებული, ღია დარჩება – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.