2007-2023 წლებში ბიუჯეტში, გადასახადების სახით, დაახლოებით, ₾70 მლნ გვაქვს გადახდილი – „ელემენტ ჰოლდინგი“

„ელემენტ ჰოლდინგს“, რომლის ისტორია 2007 წლიდან იწყება და დღეისათვის სამშენებლო სექტორის 10 შვილობილ კომპანიას აერთიანებს, სახელმწიფო ბიუჯეტში, გადასახადების სახით, დაახლოებით, 70 მლნ ლარი აქვს გადახდილი.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
„დაახლოებით, 70 მლნ ლარი გვექნება ბიუჯეტში გადახდილი 2007 წლიდან დღემდე; ესეც გამომდინარე იქიდან, რომ ჰოლდინგის განვითარების პირველი წლები ბაზარზე მხოლოდ „ელემენტ კონსტრაქშენი“ და „ოლ-პი ჯგუფი“ იყო წარმოდგენილი ბაზარზე, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მომდევნო 3-4 წელიწადში, შესაძლებელია, ამ 16-წლიან რიცხვს დავეწიოთ“, – განაცხადა ზაქრო ებელაშვილმა.
“ელემენტ ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა 2023 წელიც შეაჯამა და თქვა, რომ ჰოლდინგი ჯამურად 150 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.
„თუმცა აღსანიშნავია, რომ რამდენიმე შვილობილი კომპანიისთვის განვითარების მხოლოდ მეორე წელია; ისინი სწრაფად ვითარდებიან და 2024 წელი ჩვენთვის მაღალი ტემპით განვითარების წელი იქნება როგორც ფინანსურად, ისე – ტექნოლოგიურად“, – დასძინა ზაქრო ებელაშვილმა.
ჰოლდინგში შემავალი კომპანიები ჯამურად 1200 სამუშაო ადგილს ქმნიან.
„ელემენტ ჰოლდინგში“ საკმაოდ საინტერესო წელი გვქონდა. ეს იყო პირველი წელი, რაც ჰოლდინგად ვფორმირდით და 10-მდე შვილობილი კომპანია გაჩნდა ბაზარზე; ასევე, საკმაოდ ბევრი ახალი საერთაშორისო პროექტი დავიწყეთ. მაგალითად, „ელემენტ ჰოლდინგის“ შვილობილ კომპანია „ზერონსა“ და ამერიკულ ბრენდს „ტრიდიუმს“ შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა და „ზერონი“ ამერიკული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. 2024 წლიდან, „ზერონი“ მომხმარებლებს შენობის მართვის ავტომატიზაციისა და BMS-ის მიმართულებით ინოვაციურ მიდგომებს შესთავაზებს.
2023 წელი გამორჩეული იყო იმითაც, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავედით – ჩვენი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია „ოლ-პი ჯგუფი“ უზბეკეთის ბაზარზე შევიდა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2024 წლისთვის, ვაპირებთ სხვა შვილობილი კომპანიების სერვისები თუ პროდუქტები საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ“, – თქვა ზაქრო ებელაშვილმა.