გედევან ფოფხაძე – მიუნხენის კონფერენციაზე ვიღაცები შემთხვევით მოხსენებებს არ აკეთებენ და თუ კონფერენცია დაეთანხმება პოზიციას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცუდად მოიხსენიეს, ეს ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს – მადლობა, რომ პრეზიდენტი მაინც გვყავს!

მოდით, დასავლეთს ვთხოვოთ, ისარგებლოს ჩვენი კონსტიტუციით და არა უდღეური მთავრობით, რომელიც დღეს არის, ხვალ არ იქნება – ჩვიდმეტი საუკუნეა საქართველო იბრძვის, რომ იყოს ევროპა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთან, ის გამოეხმაურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ქართული მხარის დასწრების საკითხს და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს დასავლეთში მათ მიმართ არსებული იმიჯის გამოსწორების რესურსი და ამიტომ არ მიდიან იმ კონფერენციაზე, სადაც „ ცუდად მოიხსენიეს”.
„მე არ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, როდესაც მიდის მსგავს ღონისძიებებზე მიწვევით და ამ მიმართულებით საკონსტიტუციო სასამართლომ შეასრულა პოლიტიკური შეკვეთა.
რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციას, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია უსაფრთხოების მიმართულებით და ასეთ კონფერენციაზე ვიღაცები შემთხვევით მოხსენებებს და შემთხვევით ნარატივს ვერავის ვერ შესთავაზებენ. თან აქეთ არის ქართული სახელმწიფო, რომელსაც საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს საგარეო მიმართულებით ელჩებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროზე, შეუძლია ძალიან ბევრი ექსპერტი მოიწვიოს და ძალიან ბევრი ადამიანი ჩართოს, რომელთა მეშვეობითაც ექნება კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და თუ ამის მიუხედავად, მიუნხენის კონფერენცია ასეთ პოზიციას გაიზიარებს და ასეთ მოხსენებას თავის მოხსენებად მიიღებს და ამ პოზიციას დაეთანხმება, ეს ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკა ამ ქვეყანას საერთოდ არ აქვს, ასე რომ, თავის თავს დააბრალონ.
როცა საქართველოზე დაისმება საკითხი, ასეთი მოდელის ქვეყანა შეიძლება თუ არა გახდეს ევროპის ნაწილი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო და სტრუქტურა გვეტყვის, რომ ივანიშვილის დე ფაქტო მმართველობის პირობებში, როდესაც კერძო პირი ეუბნება პრემიერს, ადი სცენაზეო და ამის მიღმა, მშვენივრად ვიცით, რომ ყველა პრემიერი იყო ივანიშვილის მიღებული და გაშვებული, „ქართუ ბანკში“ რომ კონსულტანტი ან დამლაგებელი აიყვანოს, ამ დონეზე უყურებს ის პრემიერის თანამდებობას, ამ დონეზე უყურებს მინისტრების თანამდებობას- ჩვენც ვხედავთ ამას და დასავლეთიც ხედავს. არჩილ თალაკვაძეს შეუძლია თავი მოიტყუოს ამასთან დაკავშირებით და დასავლეთი არ მოიტყუებს თავს – რა ვალდებულებებიც თალაკვაძეს აქვს ივანიშვილთან, დასავლეთს არ აქვს, ამიტომ ის ობიექტური სტანდარტით მიუდგება ამ საკითხს. ამიტომ უსაფრთხოების საერთაშორისო რეჟიმში, რომელშიც ჩვენ აუცილებლად უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას, საქართველოს სახელმწიფო არის პრეზიდენტით წარმოდგენილი და მადლობა, რომ ეს მაინც გვაქვს.
მე მგონია, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს რესურსი იმ იმიჯის შეცვლის, რაც დასავლეთში აქვთ, ამიტომ ისინი არ ჩადიან იმ კონფერენციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი ვიღაცამ ცუდად მოიხსენია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ