სავაჭრო პალატამ საქართველო – საუდის არაბეთის ერთობლივი ბიზნეს საბჭოს მეორე სამუშაო სხდომა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომა მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა და საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ბადრ ალბადრიმ გახსნეს.
„საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნეს საბჭოს ფორმატი გვაძლევს საშუალებას ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები შევახვედროთ და გავაცნოთ ერთმანეთს. მსგავსი ფორმატის შეხვედრებით შეგვიძლია მივიღოთ საინტერესო შედეგები -საქართველოში ინვესტირების , სულ მცირე ქვეყნებს შორის ვაჭრობის გაზრდის მხრივ“, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბიზნეს სექტორმა და საუდის არაბეთის უმსხვილესმა კომპანიებმა უძრავი ქონების, ინვესტიციების, ტურიზმის, ენერგეტიკის, მეტალურგიის, სამშენებლო და საბანკო სექტორებიდან.
სხდომაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და ინვესტიციების ხელშეწყობაზე იმსჯელეს.
საქართველოს სავაჭრო პალატასა და საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების ფედერაციას შორის, ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით მემორანდუმი გასულ წელს, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში გაფორმდა.
საბჭოს წევრები წამყვანი ბიზნეს კომპანიები და ორგანიზაციები არიან.