საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ვიორელ მოშანუს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ეუთო-ს 2024 წლის დღის წესრიგი და პრიორიტეტები.
შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარებაზე ისაუბრეს.
მიმოიხილეს ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების მიმდინარეობა.
ნიკოლოზ სამხარაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში.