უკრაინის მოკავშირე ქვეყნები 14 თებერვალს ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, კიევისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის გაგრძელების საკითხის განსახილველად – იმ ფონზე, როცა მეორე წლისთავს უახლოვდება რუსეთის მხრიდან უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრა.
აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (UDCG) – მეორე სახელით რამშტაინის ფორმატის – შეხვედრისთვის უნდა ეხელმძღვანელა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინს, მაგრამ საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ ის იძულებული გახდა ბრიუსელში ვიზიტი გაეუქმებინა.
შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობს ნატოს 31-ვე მოკავშირე და კიდევ უკრაინის 23 მოკავშირე, 14 თებერვალს გაგრძელდება ალიანსის სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების მოლაპარაკებით.