Helio.AI პირველი და ერთადერთი რეკრუტინგის შიდა მოდულია, რომელიც ბაზარზე 4 თვის წინ გამოჩნდა და უკვე შეძლო პირველი ინვესტიციის მოზიდვა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Helio.AI-ს თანადამფუძნებელმა და COO-მ, ნინი მოსიაშვილმა განაცხადა, მოზიდული ინვესტიციით მისი გუნდი ნეირომეცნიერულ თამაშზე მუშაობს, რომელიც სრულად შეცვლის რეკრუტინგის პროცესს.
„კომერსანტი“ ნინი მოსიაშვილს Helio.AI-ს შექმნის, პირველი ინვესტიციისა და განვითარების გეგმების შესახებ ესაუბრა.
საიდან გაჩნდა Helio.AI-ს შექმნის იდეა, როდის შეიქმნა?
ნინი მოსიაშვილი, Helio.AI თანადამფუძნებელი და COO: Helio.AI შექმნა რეალურ პრობლემას ეფუძნება. „ჰელიოს“ თანადამფუძნებლები თავიანთ არსებულ სამსახურებში აქტიურად იყვნენ ჩართული შერჩევის პროცესებში, სწორედ ამ მეტად რთულმა საქმემ გაუჩინა თანადამფუძნებლებს იდეა, შეექმნათ ისეთი პლატფორმა, რომელიც პროცესის სრულ ავტომატიზაციას მოახდენდა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
Helio.AI-ს შექმნის გადაწყვეტილება დადგა რეალური საჭიროებიდან, რომ შეგვემსუბუქებინა ხელით საკეთებელი საქმე ადამიანებისთვის და მათ ყოველდღიურობაში ნაკლები რუტინა ყოფილიყო.
როგორ მუშაობს Helio.AI?
Helio.AI პირველი და ერთადერთი რეკრუტინგის შიდა მოდულია, რომელიც სრულად ფარავს შერჩევის ეტაპს და ეს პროცესი გაციფრულებულია, ხოლო მის მუშაობაში ჩართულია ქართულად სემანტიკურად გაწვრთვნილი ხელოვნური ინტელექტი.
Helio.AI ქმნის ფუფუნებას, რომ განხორციელდეს ვაკანსიების მართვა ერთი არხიდან და ამავდროულად მოხდეს კანდიდატების მართვა ერთი სივრცეში. მისი შესაძლებლობები მოიცავს ვაკანსიის ერთი კლიკით განთავსებას სხვადასხვა არხებში, კომუნიკაციის სრულ ავტომატიზაციას და დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარ გამოწვევას HR-ში – ავტომატურ რეპორტინგს და ანალიტიკას, რომლის გარეშეც დღეს ალბათ ბიზნესის კეთება უფრო რთულია.
გვიამბეთ სტარტაპის შექმნისა და განვითარების შესახებ.
„ჰელიო“ სულ 4 თვეა რაც ბაზარზეა, თუმცა უკვე იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებების და აქსელერატორების მონაწილე.
Web Summit 2023, რომელიც ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენციაა, Helio.AI რჩეულ სტარტაპებს შორის აირჩიეს თემაზე Future of Work და Showcase-ზე წარადგინა თავისი პროდუქტი. მონაწილეებს გააცნო ნეირომეცნიერული თამაში, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
სულ რამდენიმე თვის წინ ჰელიო აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდ AI/ML აქსელერატორში, Challenger 2.0-ში მიიღეს, სადაც ისეთი კომპანიები უწევენ მენტორობას, როგორებიც არიან Amazon, Nvidia და კიდევ ბევრი სხვა მსგავსი კომპანია. ასევე, ჰელიოს Impact Hub Tbilisi-ის ფინალისტია და მათი მხარდაჭერით ესტონეთში ევროპის ერთ-ერთ TOP სტარტაპ აქსელერატორმა Startup Wise Guys-მა უმენტორა.
რა მიზნები აქვს სტარტაპს?
ჰელიოს მიზანია შეცვალოს რეკრუტინგის პროცესი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.
ჩვენი მიზანია რეკრუტერებს გამოვუთავუსუფლოთ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი – დრო და ავაჩქაროთ შერჩევის პროცესი. ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარს აქტიურად ვაცნობთ პროდუქტს, ხოლო მომდევნო წლებიდან ვგეგმავთ აქტიურად გასვლას საზღვრებს გარეთ.
რა არის მთავარი გამოწვევა?
როდესაც ქმნი პროდუქტს, რომლის ანალოგიც კონკრეტულ ბაზარზე არ არსებობს, რთულია მომხმარებელს მარტივად დაანახვო მისი გამოყენების ყველა უპირატესობა. თუმცა, ვფიქრობ ძალიან მოკლე დროში მოვახერხეთ შედეგის მიღება. ამიტომ, მთელი შემართებით ვმუშაობთ გავაცნოთ რეკრუტერებს ჩვენი სოფტი და ვანახოთ როგორ შეუძლიათ გაიმარტივონ ყოველდღიურობა.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ პირვლეი ინვესტიცია მოზიდეთ. რა რაოდენობის ინვესტიცია მოიზიდეთ, ვინ არის ინვესტორი და რა გეგმები გაქვთ?
სულ რამდენიმე დღის წინ მოიზიდა „ჰელიომ“ პირველი ინვესტიცია. პირველი ინვესტიცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან დარწმუნებულები ვართ რომ ინვესტორი „ჰელიოს” ზრდისთვის ფინანსურ რესურსთან ერთად მნიშვნელოვან კონტრიბუციას განახორციელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ჰელიოს“ გუნდი და თითოეული ის ადამიანი, ვინც შემოუერთდება ჩვენს გუნდს, რადგან წინ დიდი მიზნები და განვითარების გეგმებია.
მოზიდული ინვესტიციით კი ვმუშაობთ ნეირომეცნიერულ თამაშზე, რომელიც სრულად შეცვლის რეკრუტინგის პროცესს.