კახი კავსაძის შვილიშვილი დაინიშნა – რა ფოტოებს აქვეყნებენ ირინკა კავსაძე და გიორგი ტაბიძე – Marao
ირინკა კავსაძის გვარი, ალბათ, უკვე ბევრს ამბობს. ის ცნობილი ბაბუის, კახი კავსაძისა და ასევე ქართული კინოს ლეგენდის, უმშვენიერესი ბელა მირიანაშვილის შვილიშვილია. კავსაძეების ოჯახის ხელოვნების სფეროსთან სიახლოვე ამ დიდი არტისტების გამო გასაკვირი არ არის და გამონაკლისი არც ირინკაა. ირინკას პროფესიულ არჩევანსა და ცხოვრებაზე მისი მამიდა, ნანუკა ხუსკივაძე საუბრობს:
“ირინკა მსახიობების ოჯახში დაიბადა. ხშირად ხდება, რომ ასეთ ოჯახში დაბადებულები მსახიობის პროფესიას ირჩევენ. მართლაც განსხვავებულ ატმოსფეროში გაიზარდა. გარდა ამისა, მის შემთხვევაში, არის გენეტიკური ფაქტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც რეალურად მართლაც არსებობს. ამ ბავშვში სახელოვნებო ფესვები შორიდან მოდის. მისი პაპის მამა გენიალური ქართველი ლოტბარი სანდრო კავსაძე გახლდათ. დათაშკა კავსაძე (ასევე ლოტბარი) კი – პაპის მამა. კახოზე (კახი კავსაძე, – ავტ.) არაფერს ვამბობ, ბებიის, ბელა მირიანაშვილის მხრიდან ფესვებზე – ბელას მამა ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი იყო. ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა…
მოკლედ, ირინკას გენეტიკა არტისტული ბუნებით დახუნძულია, მაგრამ მას არა მხოლოდ გენეტიკურად აქვს ეს ყველაფერი, თვითონ პიროვნულად არის საოცრად მოსიყვარულე, მშრომელი და ნიჭიერი გოგონა. ხანდახან გვაოცებს იმით, როგორი ადამიანების მოსიყვარულეა. არანორმალურად უყვარს თავისი არჩეული გზა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგია, რომ ასე გამოსდის ეს. ამასთან, საშინლად შრომისმოყვარეა” – ამბობდა ის.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირინკა კავსაძე შეყვარებულია. მისი რჩეული მსახიობი გიორგი ტაბიძეა. გიორგი ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “ჩემი ცოლის დაქალები” გაიცნო.
ამჯერად წყვილი მეგობრებსა და გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ისინი დაინიშნნენ. გიორგიმ და ირინკამ უამრავი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღეს.