წულუკიანის თქმით, ინსტიტუციური ცვლილების დროს დარგის სპეციალისტების ჩართულობა იქნება საჭირო

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ილაპარაკა განახლებული მთავრობის პრიორიტეტების შესახებ.
როგორც წულუკიანმა თქვა, მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე საჭირო იქნება დარგის სპეციალისტების ჩართულობა. გარდა ამისა, გამოქვეყნდება მთავრობის მიერ მიღებული განკარგულებები.
„განკარგულებების გამოქვეყნების გარდა, რომელიც სხვადასხვა დროს, როგორც მე მახსენდება, 2012 წლიდან დღემდე ქვეყნდებოდა, ხანდახან ვერ იყო ხელმისაწვდომი, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მთავრობა და მისი ადმინისტრაცია მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ გამოქვეყნების პროცედურა იყოს განუხრელად დაცული, ასევე – ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ინფორმაციაზე.
რაც მთავარია, როდესაც რაიმე ტიპის გადაწყვეტილება მიიღება, დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, მით უმეტეს, საქმე ეხება მაგალითისთვის, მასშტაბურ და მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას ან სხვა ინსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც მოითხოვს დარგის სხვადასხვა სპეციალისტის, ექსპერტის ან წარმომადგენლის აზრის მოსმენას, მანამ, სანამ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – თქვა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა.
როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას საზოგადოებასთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია ექნება.
„გადაწყვეტილება იყოს მაქსიმალურად ახსნილი, შეძლებისდაგვარად, ყველას მიერ სათანადოდ ახსნილი და გაგებული”, – დაამატა მან.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა – თითქმის სამი წელიწადია არ ქვეყნდება მთავრობის განკარგულებები. მთავრობის ადმინისტრაცია უარს ამბობდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. ბოლო განკარგულება, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, 2020 წლის 26 სექტემბრით არის დათარიღებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ვასო ურუშაძე – ჩვენი ეკონომიკური პრობლემები ნავთობპროდუქტების ფასთანაა დაკავშირებული – ახსნას ივანიშვილმა, კობახიძემ, მდინარაძემ და სხვებმა, რატომ ღირს დიზელი და ბენზინი ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე თვითღირებულებაა?

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – ამ ყველაფერს ჩალის ფასი აქვს – დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იმასაც გააჟღერებენ პირდაპირ, რასაც კაბინეტში ხელის გადაგრეხით მოგვიწოდებდნენ