კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ

კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით.
“ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნიკაციებს ვაწარმოებთ კლინიკებთან და სამინისტროსთან ამ თემასთან დაკავშირებით – დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიას ვსწავლობთ.
რეალურად, ნაწილ თემებში აცდენები გვაქვს, ამ ყველაფერს დავაზუსტებთ.
კიდევ ერთი საკითხია – თუ სადმე მაღალი იქნება სიკვდილიანობა, მნიშვნელობა აქვს, თუ რა ტიპის პაციენტები შემოდიან. ჩვენ ამ ტიპის კომუნიკაცია გვაქვს, რომ ლეტალობის დათვლის მეთოდოლოგია გადაიხედოს. გადაიხედოს, თუ რა ტიპის პაციენტები შემოდიან, რამდენად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის არიან პაციენტები, აქედან გამომდინარე განისაზღვროს ლეტალობის მაჩვენებელი. ლეტალობის მაჩვენებელი მაღალი იქნება იქ, სადაც მძიმე პაციენტებს იღებენ. ჩვენთან 6% ნამდვილად არ არის გარდაცვალების მაჩვენებელი“, – აღნიშნავენ „ჯეო ჰოსპიტალში“.
ამასთან, აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაშიც. როგორც დაწესებულებაში განმარტავენ, აღნიშნული სახის წერილი მათაც მიიღეს და ლეტალობის მაჩვენებელი 3.7%-ს შეადგენს.