“დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა” – ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე?
· 1 129
მათ გასული წლის სექტემბერში, 18 წლის ასაკში გაიგეს, რომ ტყუპი დები არიან, რომლებიც 2005 წელს გააშვილეს… ანა ფანჩულიძეების ოჯახმა იშვილა, ელენე – დეისაძეების. ანას დაბადების თარიღად 22 აპრილი უწერია, ელენეს – 14 თებერვალი.
დღეს ისინი უკვე სტუდენტები არიან – ელენე “სეუში” “ფსიქოლოგიაზე” სწავლობს, ანა თსუ-ში – ინგლისურ ფილოლოგიაზე. ერთმანეთი კი პოპულარულ სოციალურ პლატფორმა „ტიკ-ტოკზე“ აღმოაჩინეს… ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციის “ვეძებ” ხელმძღვანელისგან და ჟურნალისტისგან თამუნა მუსერიძისგან შევიტყვეთ.
უფრო დაწვრილებით თავიანთ ამბავს კი ტყუპი დები AMBEBI.GE-ს თავად მოუყვნენ:
ელენე დეისაძე:
– როგორც ყველა ახალგაზრდა, მეც ვარ “ტიკ-ტოკის” მომხმარებელი. ბევრ ვიდეოს ვტვირთავ, მათ შორის, სახალისოსაც. ერთ-ერთ ვიდეოზე ერთმა ბავშვმა დამიკომენტარა, – დღეს რა გინდოდა, კლინიკაშიო? გავოცდი, იმ დღეს არსად ვყოფილვარ, საერთოდ სახლიდან არ გავსულვარ. ალბათ ვიღაცაში გეშლები-მეთქი. მიმტკიცებდა, რომ მე ვიყავი. შემდეგ ჩემთვის უცნობი ანა ფანჩულიძე მონიშნა. როგორც გაირკვა, კლინიკაში ანა ყოფილა, ის ბავშვი კიდევ მისი ახლობელი აღმოჩნდა.
ანა:
– ელენეს ვინც დაუკომენტარა, რეალურად ჩემი ბიძაშვილია. როგორც შემდეგ მითხრეს, ჩემი ბიძაშვილები თურმე ელენეს ვიდეოებს დიდი ხანის განმავლობაში თვალს ადევნებდნენ… მათ იცოდნენ სიმართლე (საერთოდ ნათესაობამ) რომ ნაშვილები ვიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს არასოდეს უთქვამთ. ელოდებოდნენ, მშობლები ამას თვითონ როდის მეტყოდნენ… მოკლედ, ბიძაშვილი მაჩვენებდა ელენეს ვიდეოს და მეუბნებოდა – შენ ხარო. მე არ ვარ-მეთქი – კი ვამბობდი, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ ელენე ძალიან მგავდა… სიმართლე რომ გითხრათ, ვიფიქრე, მამაჩემის შვილი ხომ არ არის-მეთქი?.. მაგრამ მერე ჩავთვალე, რომ ადამიანი უბრალოდ მგავს და მორჩა. ელენე და მე დისტანციურად, ვირტუალურად დავმეგობრდით. ეს მეგობრობა 2 წელზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. შარშან ზაფხულს, მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი. თურმე ჩემი მშობლები იმას ელოდებოდნენ, ეროვნულ გამოცდებს როდის დავასრულებდი, რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვათ, რადგან საბოლოოდ გაიგეს, რომ ელენე ჩემი და იყო.
– როგორ?
ელენე:
– დედაჩემს ამ თემასთან დაკავშირებით ვესაუბრებოდი. თურმე დედა ელოდებოდა, ამ კითხვას როდის დავსვამდი და ერთ საღამოსაც დავსვი – დედა აყვანილი ვარ? მანამდეც რაღაც ეჭვები მქონდა, რადგან დედაჩემის ფეხმძიმობის ფოტო ვერ ვნახე. საბოლოოდ მომიარა რაღაც ძლიერმა გრძნობამ, რომ მეთქვა და ვკითხე. მოკლედ, სანამ ანა გაიგებდა, 2 კვირით ადრე მე გავიგე ეს ამბავი… მერე ანამაც დამირეკა და მითხრა, რომ აყვანილი იყო… საოცარი სტრესი მქონდა.
ანა:
– დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა სახლში მეც დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა. გამოცდები რომ დავამთავრე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ ელენე ძალიან მიყვარს-მეთქი. უნდა გიყვარდეს, რადგან მგონი, შენი და არისო.
– მას მერე, რაც ორივეს გამზრდელმა მშობლებმა დაადასტურეს, რომ აყვანილი შვილები იყავით, რა მოხდა?
ელენე:
– მე და ანა უკვე პირადად რომ შევხვდით ერთმანეთს, ვატყობდით, რომ შინაგანად ორივე ვღელავდით. ისეთი გრძნობაც იყო, თითქოს 18 წელი არც გასულა, უბრალოდ ერთმანეთს ვიცნობდით და ერთმანეთი დიდი ხანი არ გვყავდა ნანახი.
ანა:
– ელენე პირისპირ რომ ვნახე, მეგონა, სარკეში ვიყურებოდი, ისეთი მსგავსება აღმოვაჩინე… ერთსა და იმავე მხარეს, სახეზე, საფეთქელთან ხალი გვაქვს და მხარებზე პიგმენტურ ლაქები.
– რას მოგიყვნენ მშობლები, როგორ მოხდა თქვენი შვილად აყვანა?
ელენე:
– მე თბილისში ვიზრდებოდი, ანა – ქუთაისი. მშობლებს ჩემთვის დიდი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ, უბრალოდ ვიცი, რომ თბილისის ერთ-ერთი სამშობიაროდან, დაახლოებით 6 თვის ასაკში ვარ წამოყვანილი. ეს მოხდა 2005 წლის ფერიცვალება დღეს. იქ ჩემი წონა და სიგრძეც უთხრეს, რამდენიც დავიბადე (2.600 კგ და 49 სმ). როგორც გავიგე, ზუსტად იგივე წონა და სიგრძე ყოფილა ანაც… დედაჩემისთვის უთქვამთ ჩემი სავარაუდო მშობლების გვარები – მამა – გეწაძე და დედა – შუკაკიძე. წარმოშობით საჩხერიდან ყოფილან, ხელმოკლე ოჯახი და ბავშვის შენახვის საშუალება არ ჰქონიათ.
ანა:
– ჩემი მშობლებისგან კი მე ეს ვიცი: მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. ახლობელი ქალი იყო, რომელსაც მე-5 სამშობიაროში გასაყიდად პროდუქტები დაჰქონდა. მისგან გაიგეს, რომ იქ ბავშვი იყო გასაშვილებელი და ჩემი მშობლები ვინმე ციური ვაწაძესთან მივიდნენ (ის ქალი ამ სახელით და გვარით გაეცნო… თამუნა მუსერიძის დახმარებით, გაირკვა, რომ ეს ციური ვაწაძე დაახლოებით 8 წლის გარდაცვლილია). ქალბატონმა ციურიმ ჩემი მშობლები გლდანში გაუშვა. ბავშვი ერთ-ერთი კორპუსის ბინაშიაო. კორპუსის ეზოში ეკლესია ყოფილა… იმ ეზოში ჩამოუყვანიავართ და მომავალი მშობლებისთვის ვუჩვენებივართ. როგორც დედამ მითხრა, უკვე 2 თვის ვიყავი. გადაწყდა, რომ გარკვეული თანხის (3800 დოლარის) სანაცვლოდ, იქიდან მეორე დღეს წამომიყვანდნენ. ოღონდ, გააფრთხილებიათ, ბავშვს რა ტანსაცმელიც აცვია, რითიც მიგყავთ, უკან უნდა დააბრუნოთო. ქალი, რომელიც გლდანში ნახეს და ვინც უშუალოდ ჩემს მშობლებს გადმომცა, ბავშვის ძიძად გაეცნო, რომელიც მივლიდა. შემდეგ უკვე იმ ციური ვაწაძემ, ქალი, ვინც მე-5 სამშობიაროში ნახეს, ჩემი დაბადების მოწმობა გაუკეთა. უთხრა, თარიღი თვითონ აერჩიათ, ბიოლოგიური მშობლების გრაფაში ჩემი აღმზრდელი მშობლების სახელები და გვარები ჩაწერეს.
– თითოეული როგორ იზრდებოდით?
ანა:
– ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდი გამართლება ჩვენი მშობლებია. ელენესაც ძალიან კარგი მშობლები ჰყავს, საოცარი ოჯახი, თბილი. ახლა უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ, გავერთიანდით.
ელენე:
– შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივემ ლატარია მოვიგეთ. ჩემი მშობლები ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს მაძლევდნენ – საუკეთესო ბაღში, საუკეთესო სკოლაში დავდიოდი. არასოდეს არავისგან არაფერი ზედმეტი, თუნდაც გადაკვრით ნათქვამი არ მსმენია. წამოძახებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რომ აყვანილი ვარ. მე და ანას ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ისიც დავადგინეთ, რომ სიცხეც კი ერთდროულად გვიწვეს. ავად ერთ დროს ვხდებით, ხშირად არის, რომ მე გულში რაღაცას ვმღერი და ელენე იმას ხმამაღლა აგრძელებს, ან ერთდროულად ვიწყებთ ერთსა და იმავე სიმღერას. ვმღერით, ვცეკვავთ – ხმის ტემბრიც კი ერთნაირი გვაქვს. ტყუპის ფენომენი ხომ იცით, ამოუხსნელი რამ არის.
– მას მერე, რაც დიდი პროცენტით დადასტურდა, რომ ტყუპ და ხართ, მიაკითხეთ ჯგუფს „ვეძებ“, კერძოდ თამუნა მუსერიძეს?
ანა:
– დიახ, მივედი თამუნა მუსერიძესთან და ჩემი ამბავი მოვუყევი. ჩვენ რომ ტყუპი ვართ, ამაში დარწმუნებულები ვართ. გავიკეთე დნმ-ის ტესტი, რომ მოვძებნოთ ჩვენი ნათესავები. ერთ-ერთის მშობელმა (არ დავაკონკრეტებთ ვინ) იცოდა, რომ მათი ნაშვილები გოგონა რეალურად ტყუპის ცალი იყო. რომ მისი შვილის ტყუპის ცალი სამყაროში არსებობდა.
– ახლა ეძებთ ბიოლოგიურ მშობლებს?
ანა:
– ჩვენს აღმზრდელ მშობლებს ვერავინ შეგვიცვლის, ვინც გზრდის, ის არის შენი მშობელი.
ელენე:
– ელემენტარულად გვინდა, გვარი მაინც გავიგოთ, რომ ვიცოდეთ, ვინ ვართ. ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, იცოდეს, ვინ არის. ვინ არიან მისი მშობლები და დედმამიშვილები.
ანა:
– დედაჩემი მიყვება ხოლმე, 3 წლის ასაკში თურმე აჩემებული მქონია – მე მყავს ძმა, ცხოვრობს თბილისში და ჰქვია გიორგი. იმ პერიოდში ვცხოვრობდი ქუთაისში და თბილისი არც ვიცოდი რა იყო და სად იყო. უბრალოდ ამას ყოველ დღე ვიმეორებდი. დედა ფიქრობდა, რომ ფსიქოლოგთან მივიყვან, ალბათ ქვეცნობიერში აქვს ჩარჩენილი რაღაც, ან იქნებ მართლაც ასეაო.
ელენე:
– მე ჩემი ტყუპის არსებობაზე მქონდა ასეთი ეჭვი. ბავშვობიდან ჩემი საყვარელი ფილმი იყო ასევე „მახე მშობლებისთვის“ – სადაც ტყუპი გოგონა ერთმანეთს ბანაკში აღმოაჩენს. სულ მქონდა შეკითხვა ჩემს თავთან – მეც ხომ არ მყავს ტყუპი და?! სანამ მე და ანა გავიგებდით, რომ ნაშვილები ვიყავით, ქუჩაში ხშირად ვხედავდი ხოლმე ტყუპებს…
ანა:
– როდესაც დედაჩემმა ელენე ნახა, ცუდად გახდა. საერთოდ ემოციური ადამიანია, ტიროდა. ესეც ხომ ჩემი შვილია და 18 წელი ჩემი შვილი როგორ ვერ ვიპოვეო. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შესახებ კიდევ მეტს შევიტყობთ და სიმართლე ბოლომდე გაირკვევა.
წყარო: ambebi.ge