93 წლის ასაკში ქართველი თეატრმცოდნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ქართველი თეატრმცოდნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ გურაბანიძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს ნოდარ გურაბანიძის გარდაცვალების გამო.

„ნოდარ გურაბანიძე, საქართველოს სათეატრო ხელოვნებისა და სათეატრო კრიტიკის პატრიარქი იყო. ის იყო ადამიანობისა და პროფესიონალიზმის საუკეთესო, მისაბაძი მაგალითი. 90 წელს გადაცილებულიც ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ აზროვნებდა და წერდა. ბატონი ნოდარი იყო გამორჩეული პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. არასდროს გულში ბოროტი არ გაუვლია, არავისთვის განზრახ ცუდი არ გაუკეთებია. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა ყველას დახმარებოდა, გვერდში ამოდგომოდა. ყველაზე მეტად დასაფასებელი კი ისაა, რომ ბატონ ნოდარს ახალგაზრდობა, მომავალი თაობა უყვარდა, აფასებდა, უხაროდა მათი პროფესიული წარმატებები.

არაერთი წიგნის, მონოგრაფიის, კვლევისა თუ რეცენზიის ავტორი ბატონი ნოდარი გახლდათ რუსთაველის პრემიის ლაურეატი (ტრილოგია „რეჟისორი რობერტ სტურუა”, „მიხეილ თუმანიშვილის თეატრი“, „ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე”), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი („სამყარო თეატრის თვალით“, 1998), ნომინაცია წლის საუკეთესო თეორიული ნაშრომის – ორგზის გამარჯვებული („ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე”, “„რეჟისორი გიზო ჟორ”).

სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების”, შემდეგ „ხელოვნება” მთავარი რედაქტორი. წლების განმავლობაში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ და უზარმაზარი წვლილი მიუძღვის თეატრმცოდნეთა არაერთი თაობის აღზრდაში.

ნოდარ გურაბანიძის ბოლო ნამუშევარი, ბრწყინვალე სამტომეული „სამყარო თეატრალის თვალით“ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა 2017-2019 წლებში გამოსცა.

უნივერსიტეტის სახელით, უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, კოლეგებს, სტუდენტებს და ქართულ თეატრალურ საზოგადოებას“,- აღნიშნულია შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე: … მაგ­რამ თუ მაქვს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და მა­ფი­ნან­სებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ამ კა­ნონს არ ვექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი, ჩემი შე­მო­სავ­ლე­ბი და ხარ­ჯე­ბი არ არის გამჭვირ­ვა­ლე