,,8 წელია, ეკონომიკის სამინისტრომ გუდაურში ყველაზე მნიშვნელოვანი საბაგიროს შეკეთება ვერ უზრუნველყო”,- ამის შესახებ „მთის კურორტების ბიზნესს ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა, მირანდა ესაკიამ რადიო “კომერსანტის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საბაგიროები ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა შეემოწმებინათ, თუმცა პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო.
,,8 წელია, ეკონომიკის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ყველაზე მნიშვნელოვანი საბაგიროს შეკეთება, 8 წელი ვერ მოაბეს თავი, რომ საძელე შეეკეთებინათ ან ახალი საბაგირო დაემონტაჟებინათ. საბაგიროების შემოწმება ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო და პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყეს.
წესით, წელს 9 საბაგირომ უნდა იმუშაოს, თუ რევიზია ჩაატარეს და თუ კიდევ რამე ახალი სიურპრიზი არ დაგვახვედრეს. ზუსტად ამისთვის ვითხოვთ მთის ტრასების სააგენტოსთან სამუშაო შეხვედრას, თუმცა, ჯერჯერობით, არ გვეხმარებიან”,- თქვა მირანდა ესაკია რადიო “კომერსანტის” ეთერში.
ესეკია ამბობს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტურისტების უსაფრთხოების საკითხიც, რადგან კურორტზე შესაბამისი ამბულატორია არ არსებობს.
“წარმოუდგენელი ამბავია ისიც, რომ 11 წლის მანძილზე „ემთიეიმ“ 24 მილიონად შეძენილი თოვლის მანქანები ვერ აამუშავა. ვუყურებთ ცას, თუ თოვლი წამოვა, შემდეგ დავაანონსებთ, რომ სეზონი იხსნება. აქედან გამომდინარე, დეკემბერსა და იანვარში ჯერ ჯავშნები არ გვაქვს, თავს იკავებენ. თებერვალსა და მარტში კი ბევრი ჯავშანია. ამ თვეებში იმდენი ტურისტი გვყავს, ვერ უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას, რადგან არ გვაქვს ამბულატორია, არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა”,- აღნიშნა ესაკიამ.
