8 ოპოზიციური პარტია, რომელიც ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, აცხადებენ, რომ BBC-ის სტატია (რომელიც შეეხებოდა საქართველოში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლის დროს გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს) „სერიოზული მტკიცებულებაა“. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოში მიუკერძოებელი გამოძიება ვერ ჩატარდება.
განცხადების თანაავტორები არიან: „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“, „სტატეგია აღმაშენებელი“ და „ფედერალისტები“.
„ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები, მოვუწოდებთ სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება“, – აცხადებენ პარტიები.
ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებს, განიხილონ დროებითი შეზღუდვების დაწესება იმ სპეციალურ აღჭურვილობასა და საშუალებებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ნორმების დარღვევით და მოქალაქეების წინააღმდეგ:
„ჩვენი საერთო მიზანი ნათელია: რეჟიმის ცვლილებამდე აიცილოს თავიდან ამგვარი ნივთიერებების ნებისმიერი შემდგომი გამოყენება, იმ შემთხვევაში, თუ ბიბისის გამოძიების დასკვნები დამოუკიდებლად დადასტურდება.
სრული და ცხადი სურათის მიღებამდე, აუცილებელია ძლიერი, კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება. მკაფიო და მტკიცე საგარეო ზეწოლა უზრუნველყოფს, რომ რეჟიმმა სრულად გააცნობიეროს იმ ქმედებების შედეგები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის მოქალაქეებს“.
დღეს დილას, 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, ელის ედვარდსი, აცხადებს, რომ „მოსახლეობა არასოდეს არ უნდა გახდეს ექსპერიმენტების სუბიექტი“ და საკითხი წამებისა და არასათანადო მოპყრობის მუხლით უნდა გამოიძიონ.
ამავე გამოძიებაში ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს განუცხადა, რომ ეს მიგნებები „უკიდურესად აბსურდულია“ და პოლიცია „ბრუტალური კრიმინალების“ უკანონო ქმედებებს „კანონმდებლობისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ პასუხობდა.
ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“. პარტიამ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას უწოდა „ერთ დროს ავტორიტეტული მედია, რომელიც დღეს არაფორმალური მმართველობის პროპაგანდის იარაღად არის ქცეული“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, – აცხადებს სამსახური.
პრესცენტრის თანახმად, უწყება „შემდგარ ფაქტად“ მიიჩნევს მხოლოდ იმას, რომ:
· „ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს“;
· „მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ“.
ფორუმი




