8 თუ 9 მაისი – ვისთან ერთად უნდა ვიზეიმოთ ნაციზმზე გამარჯვება?

8 მაისს – მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნები ნაციზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავს აღნიშნავენ, მათ შორისაა საქართველო.
თარიღებს შორის განსხვავების მიზეზი სასაათო სარტყელია. გერმანიამ კაპიტულაციას საბჭოთა კავშირის წინაშე ხელი 1945 წლის 8 მაისს მოაწერა, 23:01 საათზე. თუმცა მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი იყო დამდგარი.
„მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტებაზე, ნაციზმზე გამარჯვების დღე საქართველოში აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს ამა თუ იმ ფორმით“, – ამბობს ტონი ვაჭარაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი, და აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ინერციით აღვნიშნავთ 9 მაისს.
„საქართველომ პროცენტულად ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ნაციზმის და ფაშიზმის დამარცხებაში. და ვინ, თუ არა საქართველო უნდა აღნიშნავდეს ამ დღეს.
მიუხედავად 90-იან წლებში განხორციელებული ოკუპაციისა, ამ თარიღზე არ იყო დისკუსია, თუმცა დღეს თვითონ აყენებს საკითხს, რომ ან ჩვენკენ ხართ, ან სხვაგან, და უნდათ, რომ ეს დღე ისე აღვნიშნოთ, როგორც თვითონ გვკარნახობენ. ესაა იგივე გეორგიევსკის ლენტი, უკვდავი პოლკის მსვლელობა და ა.შ.“.
ტონი ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ რადგან ასეთი მოცემულობაა და რუსეთმა ასე დააყენა საკითხი, უმჯობესია საქართველომ ეს მოვლენა 8 მაისს აღნიშნოს:
„როცა საუბარია თარიღის შეცვლაზე, ერთ- ერთ მიზეზად ის სახელდება, რომ რამდენიმე ათეული ომის ვეტერანი გვყავს და მათ მეხსიერებას ვცეთ პატივიო. თუმცა მეც ვეთანხმები პოზიციას, რომ დასავლური სამყაროს მსგავსად, ჩვენც 8 მაისს აღვნიშნოთ ეს დღე. ასე არაერთი ქვეყანა მოიქცა, იგივე ბალტიის ქვეყნები. ში იყო საინტერესო შემთხვევა, როცა ორივე დღე დატოვეს“.
ტონი ვაჭარაძე რუსეთის ნაკარნახევად მიიჩნევს რუსულ კანონსაც, რომლის ანალოგი უკვე მიიღეს პუტინის რუსეთში და შედეგად, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი განადგურდა. მისი თქმით, ამ კანონის მიღების მიზანი ველის მოსუფთავებაა:
„ამ კანონის მიზანია იმ ველის მოწმენდა, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები და ის ხალხი, ვინც დააკვირდება პროცესს, ვინც რაღაცის გაუმჯობესებას მოითხოვს, ვინც ხმას ამოიღებს, ვინც ბიუჯეტის ფლანგვაზე და არამიზნობრივად ხარჯვაზე გააკეთებს აქცენტს.
როცა ამას ილაპარაკებს, წინ ჩამოკიდებული აბრით, ტრაფარეტით, რომ მე ვარ ვიღაცის ინტერესის გამტარი, როგორი შეიძლება მისი საქმიანობას საზოგადოება ენდობოდეს?”
ტონი ვაჭარაძის განმარტებით, საქართველოში სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით უამრავი რამე შეიცვალა, გაძლიერდა, გაუმჯობესდა და ამ ყველაფრის ჩამონგრევას ემსახურება რუსული კანონი:
„რა თქმა უნდა, ვრჩებით რუსეთთან ერთი-ერთზე, მეგობრების გარეშე. ქვეყანაში კი არავინ ხმის ამომღები აღარ იქნება ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიუჯეტის განკარგვა, ადამიანის უფლებების დარღვევა, არჩევნების მიტაცება და ასე შემდეგ“.
საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენითაც მიიღო.
დარჩენილია მესამე მოსმენით მიღება. შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ვეტოს დასაძლევად საკმარისი დეპუტატია.
რამდენიმე კვირაა, მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს