77 ბრალდებული და 1 სახელი და გვარი – ასლან ქობულაძე – რას ამტკიცებს შსს?

2
შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს – გეკა (შს მინისტრი, გელა გელაძე, ზედმეტსახელით გეკა) გელაძის უწყების თქმით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირია დაკავებული, 5–ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს. კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინა – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.
უწყება ამბობს, რომ “ბრალდებული პირები აწყობდნენ ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდათ ე.წ. „ქურდული გადაწყვეტილებები“, უკავშირდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, 223-ე მუხლის სეკუნდა და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.