7 დემონსტრანტს ასამართლებენ „საზმაუს“, „რ2-ის“ და „იმედის“ ჯგუფების ხელშეშლის ბრალდებით

4 ოქტომბერს „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის დროს პროსახელისუფლებო ტელევიზიების საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით შვიდი ადამიანი დააკავეს სისხლის სამართლის წესით.
პროკურატურამ დღეს საღამოს, 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის მტკიცებით, იმდღევანდელ აქციაზე, ათონელის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებულებმა წიწაკის სპრეი შეასხეს და ფიზიკურად, „ძალადობის მუქარით“ შეუშალეს ხელი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „იმედის“ და „რუსთავი 2-ის“ გადამღებ ჯგუფებს.
პროკურატურა, ტრადიციულად, დაკავებულთა ვინაობას არ წერს და მხოლოდ ინიციალებით შემოიფარგლება. ესენი არიან:
· გ.დ.
· მ.ო
· თ.კ.
· ი.პ.
· ა.ც.
· ვ.გ.
· ი.წ.
პირველ ექვსეულს ბრალი ედება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში – რაც ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, 2 წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ორ წლამდე შინაპატიმრობას.
ხოლო ბოლოს, ბრალდებულ ი.წ.-ს ბრალად ედება „ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლაში – ძალადობის მუქარით“, – რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
უწყება ასევე აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება „დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით“.
ფორუმი