$60 მილიონის გაყიდვის შემდეგ, ლარი დოლართან 2.73 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 4.25 თეთრით

მას შემდეგ, რაც “ბაზრის სტაბილურობის მიზნით” ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი დოლართან 2.73 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 4.25 თეთრით.
16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7596 ლარია, ერთი ევროსი – 3.0002 ლარი.
კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.81 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.06 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.77 ლარია, ევროსი – 3.01 ლარი.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი 16 მაისს გაყიდა. სებ-ი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება “ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ აჟიოტაჟურ პროცესებთან დაკავშირებით” მიიღეს. სავალუტო აუქციონზე საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი 2.7580 იყო.
ამასთან, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ “რყევები” მოკლევადიანია და საქართველოს საფინანსო სისტემა “ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია”.
“ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.
ამასთან განვმარტავთ, რომ სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკურ ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული.
ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია.
ეროვნული ბანკი განაგრძობს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად” – აცხადებს ეროვნული ბანკი.
რუსული კანონის მიღების შემდეგ, ანუ 14 მაისიდან ლარი დოლართან ჯამში 7.92 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 11.1 თეთრით.
გარდა ამისა, 15 მაისის დილიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC Bank Group-ისა და Bank of Georgia Group-ის აქციების ფასები მკვეთრად დაეცა.