აქტივისტმა ნატა ფერაძემ, რომელიც 5 დღით ადმინისტრაციული წესით იყო დაპატიმრებული, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. თბილისში, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან, რომელშიც დროებითი მოთავსების საპატიმროა, მას მეგობრები დახვდნენ.
მოსამართლე შჩერბაკოვმა პატიმრობა აქტივისტ ნატა ფერაძეს 2 თებერვალს შეუფარდა. მან დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა, რომელსაც საქმის წარმოება დაწყებული ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა).
ფერაძე სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა, მას დასაპატიმრებლად პოლიციამ სახლში მიაკითხა. მისმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ – საიამ მოსამართლე შჩერბაკოვის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ინფორმაცია ხატზე, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, ფეისბუკში იანვრის პირველ რიცხვებში გაავრცელა დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ.
როგორ მოხვდა მატრონა მოსკოველის ხატი სამების საკათედრო ტაძარში
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო სამების საკათედრო ტაძარში და მისთვის ყურადღება იმ დრომდე არავის მიუქცევია.
პრორუსული პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფეისბუკვიდეოში დაადასტურა, რომ რუსი წმინდანის ხატი, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინიც იყო გამოსახული, სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა. იმავეს ამბობდა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მისი პარტიის წევრი დავით თარხან-მოურავი.
9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს. იმ დროს ხატი ტაძრის ცენტრალური შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ნაკლებად გამოსაჩენ ადგილზე იყო. რამდენიმე საათში ხატი გაწმინდეს, 10 იანვარს დილით კი თვალსაჩინო ადგილზე განათავსეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ საღებავი ხატს სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ შეასხა. “ხატის შეურაცხყოფის” გამო 10 იანვარს მის სახლთან აქცია გამართა ძალადობრივმა ჯგუფმა, რომელიც “ალტ-ინფოს” მოწოდებით შეიკრიბა. აქციაზე ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ნატა ფერაძეს, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც.
17 იანვარს რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძრიდან შესწორების გასაკეთებლად გაიტანეს.
საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. საზოგადოება „მემორიალის“ მონაცემებით, საუბარია სულ ცოტა 12 მილიონ ადამიანზე, თუმცა გულაგის ისტორიის მუზეუმის შეფასებით, ეს რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს. სტალინური “დიდი წმენდის“ ყველაზე უარეს წლებში, 1937-სა და 1938-ში, სტალინის საიდუმლო სამსახური დღეში ათასზე მეტ ადამიანს ანადგურებდა, მათ უმრავლესობას – დახვრეტის გზით. 30-იანი წლების სტალინური რეპრესიების მძლავრმა ტალღამ გადაუარა საქართველოსაც, სადაც იშვიათია ოჯახი, რომლიდანაც არავინ გადაასახლეს, დააპატიმრეს ან დახვრიტეს. სსრკ-ში დაახლოებით 3,5 მილიონი ადამიანი იქნა რეპრესირებული ეროვნული ნიშნით.