$40-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციის მიუხედავად კომერციულ ბანკებში ლარი მაინც გაუფასურდა

„კომერსანტის“ მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ლარმა ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურება ს დღიდან დაიწყო.
უფრო კონკრეტულად, 27 ოქტომბერს კომერციულ ბანკებში ევროს ფასი 3 ლარს აღემატებოდა, რაც შეეხება დოლარს, 1 დოლარის შეძენა 2.8050-2.8250 ლარად, ხოლო გაყიდვა 2.6850–2.6900 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი. ეს იმ ფონზე, როცა ეროვნული ბანკის მიერ 25 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დოლართან 2.71-ი, ხოლო ევროს 2.9442 ლარი იყო.
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის , გიორგი კეპულაძის შეფასებით, კომერციულმა ბანკებმა არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი ლარის კურსის გაუფასურების რისკი დააზღვიეს.
„ბანკები ეროვნული ბანკის კურსით არ ხელმძღვანელობენ. ისინი ხელმძღვანელობენ საშუალო საბაზრო კურსით, შესაბამისად ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად რა კურსიც დგება, იმას აქვეყნებს ეროვნული ბანკი.
პარასკევს გამოცხადებული ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი შესაძლოა ვერ ასახავდეს იმ რეალობას, რაც ორი დღის შემდეგ, პირობითად, კვირასაა ქვეყანაში.
ეროვნული ბანკი აქვეყნებს საბაზრო კურსს, ოღონდ, შემდეგი დღისთვის, მაგრამ როცა მაღალი მერყეობაა, შესაძლებელია ოფიციალური და საბაზრო კურსი ერთმანეთს ასცდეს.
შესაბამისად, ბანკებმაც და სავალუტო ჯიხურებმაც განსხვავებული კურსით დაიწყეს დოლარის გაყიდვა ვიდრე ეს იქნებოდა საღამოს გამოქვეყნებული ეროვნული ვალუტის კურსი, რომელიც მომდევნო დღისთვის ქვეყნდება მთელი დღის ვაჭრობის შედეგად.
პარასკევს ვაჭრობა რაც იყო, თავისი ეროვნული ბანკის 40 მილიონის გაყიდვით, ამით შედგა ოფიციალური კურსი, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი თუ არ გავითვალისწინებთ იურიდიულ ხელშეკრულებებს.
ეს განსხვავება ლოგიკურია, რადგან, მოგეხსენებათ, არჩევნების გამო, გაუარესებული მოლოდინების გამო, იმის გამოც, რომ ეროვნულმა ბანკმა ძალიან ბევრი დოლარი გაყიდა სექტემბერში და ოქტომბერში, მოლოდინი იყო, რომ კურსი გაუფასურდებოდა, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ რისკს დააზღვევდნენ კომერციული ბანკები და სავალუტო ჯიხურები“,- ამბობს გიორგი კეპულაძე.