სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეთა განხილვა გრძელდება. 10-პირიან საქმეში ბრალდების მტკიცებულებების კვლევა დასრულებულია. დღეს ჩვენება მისცეს ირაკლი ნადირაძემ და ნაწილობრივ პაატა მანჯგალაძემ, რომლის დაკითხვასაც მომდევნო სხდომაზე პროკურორები განაგრძობენ.10-პირიან საქმეში ბრალდებულები არიან 4 ოქტომბრის პროტესტის ორგანიზატორებად ბრალდებული ხუთეული: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე. ასევე თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია და გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი.ჩვენების მიცემისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ, ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ მას მონაწილეობა არ მიუღია არანაირ ორგანიზებაში აქციის და იქ განვითარებული მოვლენების. ისაუბრა იმაზეც, რომ როგორც მანამდეც აღნიშნავდა სატელევიზიო ინტერვიუებისას, ასევე თავად აქციის მიმდინარეობისას, სპონტანურობაში იყო ხალხის ძალა და რომ ყველანაირი გეგმაც მათში იყო, მათ სიმრავლეში და კრიტიკული მასის მხრიდან ნათქვამ უარში მოქმედი ხელისუფლების მიმართ.ნადირაძემ აღნიშნა ისიც, რომ პროცესში აქტიურად ჩაერთო მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი დააკავეს, მისი ბავშვობის მეგობარი და ჩართულობაც, თუ ამას „ორგანიზატორობა“ შეიძლება ვუწოდოთ, სატელევიზიო ეთერებში სიარულით გამოიხატებოდა. „მეგობრის დასაცავად არავის მოწოდება და დავალება არ მჭირდება. პირიქით, აქედან ბოდიშს ვუხდი მასაც და სხვებსაც, რომ მეტი ვერ გავაკეთე“, — თქვა ნადირაძემ და დაამატა, რომ ორგანიზატორობაში ბრალდებული სხვა პირები ერთად მხოლოდ 4 ოქტომბერს ნახა, როცა მედიებიდან სთხოვეს ბესიკის ქუჩაზე ბიზნეს-ცენტრში ერთად თავმოყრა და ჩაწერა/გადაღება.„ერთმა ტელევიზიამ ჩამწერა ქვემოთ მისაღებში, ამასობაში იყვნენ უკვე ბატონი პაატა ბურჭულაძეც, მურთაზ ზოდელავაც, თუ არ ვცდები, ბატონი ლაშა ბერიძეც, პაატა მანჯგალაძე მერე მოვიდა როგორც მახსოვს და სურათს იღებდნენ. სურათის გადაღება ჩემთვის დიდი პატივია, ბატონ პაატას დიდ პატივს ვცემ, პირველი სურათი იყო და იმედია, არა უკანასკნელი, როცა მასთან ერთად სურათი გადავიღე.მერე ყველაფერი შეიცვალა ვიდეოთი და ის ცნობილი განცხადება გაკეთდა ბატონი პაატას მიერ. სიმართლე რომ გითხრათ, ის შინაარსი, რაც ბატონი პაატას მიერ გაჟღერდა, ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ პირველად ეს ხუთი კაცი მართლა იქ შევიკრიბეთ ერთად. არანაირი ორგანიზება არ ყოფილა. ამის არცერთი ვიდეო, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. თუ სადმე ვინმე იტყვის, რომ აი, ეს ხუთი კაცი იმ დღის გარდა სხვაგან შეიკრიბა, კი ბატონო, ბოდიშს მოვიხდი“, — ჰყვება ნადირაძე და ამატებს, რომ ამის შემდეგ ყველა გარეთ გავიდა, სადაც უკვე ზღვა ხალხი ირეოდა ქუჩაში. მთავარი კითხვაც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავს უნდა დაუსვას, ირაკლი ნადირაძის თქმით, ამაში მდგომარეობს — როგორ გაამწარეს ამდენი ადამიანი?ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ის არც იმ ტექსტს იცნობდა, რაც პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე წაიკითხა, როგორც ეროვნული კრების დეკლარაცია.„ბატონი პაატა ბურჭულაძე გამოვიდა და წაიკითხა დეკლარაცია, რომლის ტექსტიც იქ გავიგე. არაფერი ძალადობრივი, უკანონო იქ არ ყოფილა. შემდეგ უკვე ადის სცენაზე ბატონი მურთაზ ზოდელავა და აკეთებს იმ განცხადებას [ორბელიანების სასახლისკენ გადანაცვლებისა და მისი გასაღების ჩაბარების შესახებ]. სიმართლე რომ გითხრათ, მოულოდნელი განცხადება იყო ესეც, მაგრამ არ გამკვირვებია, იმიტომ, რომ როგორც წესი, ჩვენ არაერთი აქცია გვინახავს, სადაც რუსთაველიდან ხან კანცელარიისკენ მივდივართ, ხან შუშის სასახლისკენ. ძალადობრივი მოწოდება იქ არ ყოფილა, ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლეო, გასაღები ჩავიბაროთო. წავართვათ ან ავიღოთ კი არაო, ჩავიბაროთო. წავედით, დავიძარით პრეზიდენტის სასახლესთან“, — იხსენებს ირაკლი ნადირაძე.სასახლის გასაღების ჩაბარებასთან დაკავშირებით ირაკლი ნადირაძე პარალელს ავლებს „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდებასთან, რომლის მფლობელსაც სიმბოლურად ქალაქის გასაღებს გადასცემენ ხოლმე.ირაკლი ნადირაძე იხსენებს, რომ როცა ორბელიანების სასახლესთან ჩავიდა, ღობე უკვე წაქცეული იყო.„გასაგები იყო უკვე ჩემთვის, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული და გამზადებული პროვოკაცია, გადაჭრილი იყო ჩახერხილი იყო თუ რა, ფაქტია, ღობე იყო წაქცეული. ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ძალიან კარგად ვიცი, როგორი უნდა იყოს პრეზიდენტის დაცვა და ღობე. 3 კაცი 3 წამში რომ აქცევს, 103 კაცი ვერ უნდა აქცევდეს 103 წუთში. თუ არადა, ვინც ეგ ღობე დაამონტაჟა, ის ყოფილა დასაჭერი.ხალხიც შესული, ღობეზე გადასული იყო. გასაგები იყო, რომ ამ ხალხს დაიჭერდნენ. წარმოუდგენელი იყო, რომ აქციაზე, რომელზეც ტელევიზიებში დავდიოდი, მოდით, ხალხო, მშვიდობიანი აქციაა-მეთქი, იქ ხალხი დაეჭირათ, თუნდაც 6 და 5 კაცი და მე გარეთ ვყოფილიყავი. და ამიტომ, აბსოლუტურად გააზრებულად, მე და ბატონმა მურთაზმა ხელი გადავხვიეთ ერთმანეთს, წრფელი გულით, ამ ქვეყნის სიყვარულით, შიშველი ხელებით, გადავედით ღობეზე რამდენიმე წამის განმავლობაში.იქ იყო ბევრი წიწაკის სპრეი. გამოვედი ნახევრად თვალდახუჭული სასწრაფოს მანქანებისკენ. ამის შემდგომ დავკარგე ეს ადამიანები, პაატა მანჯგალაძე იქ არც მინახავს, არც ბატონი პაატა ბურჭულაძე, ლაშა ბერიძე კადრებში ვნახე, როცა სპრეი შეასხეს. ბატონი მურთაზი და ვერავინ რომ ვერ დავინახე, ავბრუნდი თავისუფლებაზე, საიდანაც გადავინაცვლე პარლამენტთან“, — იხსენებს ირაკლი ნადირაძე.ირაკლი ნადირაძის მონაყოლის მიხედვით, პარლამენტის წინ უახლოვდებოდნენ ნიღბიანი ადამიანები და მოუწოდებდნენ, რომ წასულიყვნენ, დაერბიათ, დაენგრიათ, ებრძოლათ, რომ ხალხი ომში იყო სასახლესთან. ნადირაძის აღქმით, ეს ხალხი სუს-ის პროვოკატორები იყვნენ და როცა მათ სთხოვდნენ, ნიღაბი მოეხსნათ, შორდებოდნენ.ბრალდების მხარე ხშირად აპელირებს ფორმულირებაზე „მშვიდობიანი დამხობა“ და „მშვიდობიანი რევოლუცია“, რაც ორგანიზატორობაში ბრალდებულების ნაწილის მხრიდან 4 ოქტომბერს და მანამდეც ჟღერდებოდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს მიუთითებს ბრალდებულების წინასწარ განზრახვაზე, ძალადობის გზით დაემხოთ კონსტიტუციური წესრიგი ქვეყანაში. ჩვენების მიცემისას ირაკლი ნადირაძეს პროკურორმა ვაჟა თოდუამ ამასთან დაკავშირებით განმარტება სთხოვა.„არცერთ სიტყვას არ უარვყოფ. „მშვიდობიანი დამხობა“, „დროშების რევოლუცია“ მრავალ კონტექსტში შეიძლება ვიხმაროთ. მაგრამ ასობით ათასი ადამიანი რომ გამოდის დროშებით ხელში, ნიშნავს, რომ ეს არის მშვიდობიანი რევოლუცია, ხელისუფლება მშვიდობიანად უნდა წავიდეს. მშვიდობიანი დამხობაა, როცა კრიტიკული მასა გამოდის ქუჩაში. ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ხვდებოდნენ, რომ მათ ხალხი არ უმაგრებს ზურგს და ვადამდელ არჩევნებს კი არ ნიშნავენ, მიდიან“, — უპასუხა პროკურორს ირაკლი ნადირაძემ.ირაკლი ნადირაძის შემდეგ ჩვენების მიცემა დაიწყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემაც, თუმცა პროცესი ჯვარედინი დაკითხვის ეტაპზე შეწყდა და მომდევნო სხდომაზე მის დაკითხვას პროკურორები გააგრძელებენ.პაატა მანჯგალაძის თქმით, ის აქციის ორგანიზებაში ჩართული არ ყოფილა, არც ორბელიანების სასახლესთან ჩასულა და ფაქტობრივად, შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა ორგანიზატორებად დასახელებული ხუთეულის შემადგენლობაში, ჯერ ფოტოს და მერე ვიდეოს გადაღებისას, როდესაც მას, მედიასთან კომენტარის გასაკეთებლად მისულს, გადასცეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა, მასთან ერთად ფოტო გადაეღოთ.მიუხედავად იმისა, რომ მას თავად არასდროს უხსენებია სიტყვები „მშვიდობიანი დამხობა“, პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ როგორც იურისტი ვერაფერს ხედავს ამ სიტყვების შეთანხმებაში ძალადობრივს. მისი აღქმით, ეს იყო მარკეტინგული ხრიკი ხალხის მოსაზიდად, რადგან თუ იტყოდნენ, რომ რუსთაველზე უნდა ესეირნათ, იმ რაოდენობის ხალხი აქციაზე არ გამოვიდოდა.„არ ვყოფილვარ საქართველოში აქციაზე, სადაც მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა, რომ უზურპატორი უნდა წავიდეს, ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, ხელისუფლებამ უნდა აგოს პასუხი და ა.შ. ყველა ხელისუფლების დროს ყველა აქციაზე ეს განცხადებები კეთდებოდა და იცვლებოდა გვარ-სახელები.იმ დისტანციიდან, რა დისტანციაზეც ვიყავი ამ პროცესებთან, ჩემთვის განჭვრეტადი არ იყო, რა შეიძლება მომხდარიყო. ველოდი სტანდარტულად, რომ ბევრი ხალხი შეიკრიბებოდა, ხელისუფლება დაარბევდა და მე ამ დროს ჩემს ხალხთან უნდა ვყოფილიყავი“, — აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.მომდევნო სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს უკვე პროკურორები დაკითხავენ. მანჯგალაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოში სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაკითხვაც ითხოვა, რომელმაც მანჯგალაძის საქმეზე ე.წ. „სასამართლოს მეგობრის მოსაზრება“ წარადგინა. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განაცხადა, რომ ის ყურადღებით გაეცნო ომბუდსმენის მოსაზრებას და იმავეს გამეორება სხდომათა დარბაზში საჭირო აღარ არის.რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში, არ ვიცით ჯერ მათი გადაწყვეტილება — მისცემენ სასამართლოს ჩვენებას თუ მხოლოდ საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლებენ. ჯერჯერობით ვიცით, რომ ჩვენების მიცემას აპირებს პაატა ბურჭულაძეც, რომელსაც დღეს ამის საშუალება არ მიეცა, თუმცა კი სურდა, რომ გაკეთებინა კომენტარი, რატომ და როგორ დაასახელა „საორგანიზაციო კომიტეტის წევრებად“ ამჟამად მასთან ერთად ბრალდებული პირები. თუმცა ბურჭულაძემ, ჩვენებების მიცემამდე, სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა. მან მიმართა პროკურორებს, თამარ ბეჟუაშვილსა და ვაჟა თოდუას, რომ მათი „უღირსი, ბოროტი და არაპროფესიონალური“ ქმედებების, გადაწყვეტილებების გამო, უკვე დიდი ზიანი მიადგა და მაინც, 6 თვის მანძილზე, რაც პატიმრობაში იმყოფება, ვერ გაიგო, რას აბრალებენ.„ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს უგემოვნო სპექტაკლი. ჩემთვის გაუგებარია, რას მაბრალებენ და რა უნდა ამ ორ პატივცემულ პროკურორს [გულისხმობს საქმის პროკურორებს, თამარ ბეჟუაშვილსა და ვაჟა თოდუას]. თამარ ბეჟუაშვილზე ნოდარ მელაძის გამოძიებიდან ყველაფერი ნათელია, ევროპულ მომავალს მის ოჯახურ ბიზნესზე თავდასხმად აღიქვამს. მაგრამ თქვენ რა მოგივიდათ, ბატონო ვაჟა?!მოღალატე უზურპატორების წინააღმდეგ მშვიდობიან მოქმედებას მედავებით? „ოცნება“ ამბობს, რომ ხალხის სახელით საუბრობს. თუ მე მოვუწოდებდი ხალხს ძალადობრივი დამხობისკენ, და თუ იქ 100 000-ობით ადამიანი მოვიდა, ესე იგი, 100-ობით ათასი ადამიანი მომხრეა, რომ ძალადობით დამხობას აპირებს ხელისუფლების. ამის თქმა გინდათ?6 თვეა მელოდებიან სტუდენტები, შეჩერდა ჩემი გასტროლები არაფრის გამო. ეს გასტროლები მარტო ჩემთვის ხომ არაა? მე ხომ ამით საქართველოს სახელი გამაქვს. არათუ ვერ ვნახულობ, ტელეფონითაც ვერ ვესაუბრები ოჯახს. თქვენ გამო ვერ დავემშვიდობე პატრიარქს. მან გადაუხადა პანაშვიდები ჩემს დედას და მამას. თქვენი უღირსი საქციელის გამო ვერ გავაცილე უკანასკნელ გზაზე იგი. თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება. გილოცავთ, მიაღწიეთ.ამაყი ვარ, რომ მე ვიყავი ეროვნული კრების ორგანიზატორი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და ხმა მისცა იმ ადამიანების დაკავებასა და დაკითხვას, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან საქართველოს ინტერესების განზრახ ხელყოფაში. ეს კრება ჩაატარეს საქართველოს მოქალაქეებმა. მომავალში ამას სათანადო შეფასება ექნება. ოცნებისთვის ამის აღიარება მარცხის ნიშანია. ამიტომ არ უხსენებიათ ერთხელაც კი. დღემდე მისტირიან მათ მიერვე პროვოკაციულად ჩამოგდებულ სასახლის ღობეს. დააკავეს 60-ზე მეტი ადამიანი, მოჰყავთ ცრუმოწმეები.მინდა მივმართო ჩემს თანამემამულეებს: გაუძელი საქართველო! მეამაყები!“ — განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.



