4 ოქტომბრის საქმეზე გამოკითხულ თამარ ჩერგოლეიშვილს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით გამოიკითხა „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, .
გამოკითხვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სასამართლოდან გამოსულმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოძიებამ მას და მის ადვოკატს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე მოაწერინა ხელი და გამოკითხვისა და საქმის დეტალებზე ვერაფერს იტყვის:
„როგორც პოლიტიკოსი, მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტიურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსით.
ვერ გეტყვით, რა კითხვები იყო, გაუთქმელობაზე ხელი მომაწერინეს. მოწმედ რომ არ გამოვადექი, ეს ზუსტად ვიცი, კარგი სანახაობა იყო“, – თქვა გამოკითხვიდან გამოსულმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
“ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა შეტყობინება საგამოძიებო ორგანოდან 12 ოქტომბერს მიიღო. მაშინ მან თქვა, რომ, სავარაუდოდ, საქმე ეხებოდა, 4 ოქტომბრის აქციას და ასევე მის განცხადებას, რომელიც მან თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით გააკეთა.
„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 11 ოქტომბერს, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ „4 ოქტომბერთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრები ტარდებოდა და ამაზე „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირებაც იყო, მეტიც, ამ თემაზე სააკაშვილთანაც იყო კომუნიკაცია“.
ერთი დღით ადრე, 10 ოქტომბერს, 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი, თავად ახალაია კი კრიმინალურ პოლიციაში იმყოფებოდა. ცოლ-ქმრით გამოძიების დაინტერესებას ფონად დაედო 4 ოქტომბერს, საპროტესტო აქციის პარალელურად გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც თ გენერირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს და რომელშიც თითქოს ახალაია და პაატა ბურჭულაძე განიხილავენ აქციის გეგმებს.
4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის ს დღეს, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დედაქალაქში აქცია გაიმართა. მოქალაქეები ჯერ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გადაინაცვლეს ათონელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია მდებარეობს. რამდენიმე მათგანმა გაარღვია რკინის ჯებირი და ადმინისტრაციის ეზოში შევიდა. ისინი იქიდან საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.

4 ოქტომბრის ღამესვე დააკავეს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი: , პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე – ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში, საგარეჯოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი იყო და თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველ ღამეს მართავდა ბრიფინგებს და საზოგადოებას ატყობინებდა ხან 13, ხან 12, ხან 7 და ა.შ. ახალი დაკავებულის შესახებ – საერთო ანგარიშით, 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის 5 წევრის გარდა, პოლიციამ კიდევ 41 ადამიანი დააკავა.