ჩემი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს. ვიტყოდი, რომ თავისუფლება პირველ რიგში, არის სულის ნაწილი, რომელიც ოჯახის, სამშობლოს სიყვარულს და მის მოშიშობას ნიშნავს. ამიტომ ციხის კედლებს არ შეუძლია ამ ყველაფრის შეზღუდვა. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მიმალვა არამც თუ პატიმრობიდან გაქცევას, არამედ უარეს პატიმრობაში გადასვლას ნიშნავს, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, იური ლომიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ბრალდებულმა ამით უპასუხა პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ბრალდებულების მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები არსებობს.
„როგორც პროკურატურამ განაცხადა, ძირითადად, ორი პუნქტია, რის გამოც მტოვებს პატიმრობაში. ეს პუნქტებია: მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.
ზოგადად, ახალი დანაშაული ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს. რაც შეეხება მიმალვას, ვიტყოდი, რომ თავისუფლება პირველ რიგში არის სულის ნაწილი, რომელიც ოჯახის, სამშობლოს სიყვარულს და მის მოშიშობას ნიშნავს. ამიტომ ციხის კედლებს არ შეუძლია ამ ყველაფრის შეზღუდვა. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მიმალვა არამც თუ პატიმრობიდან გაქცევას, არამედ უარეს პატიმრობაში გადასვლას ნიშნავს, იმიტომ, რომ მიმალვაში მყოფი ადამიანი სრულად არის მოკლებული ოჯახს, ის განიცდის შიშს, რომ დაიჭერენ. მიმალვით ის, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ მართალი იყო (ბრალდება). მიმალვაში მყოფ ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს პროკურატურის მხრიდან შემამსუბუქებელი გარემოების მოლოდინი ან მოსამართლის მხრიდან კეთილგანწყობის მიღება“, – განაცხადა ლომიძემ.
იური ლომიძის ადვოკატის თქმით კი, იური ლომიძეს დანაშაული არ ჩაუდენია. ის არის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი. ამასთან, ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იური ლომიძე არის 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, ავთანდილ ლომიძის შვილი.
„ლომიძეების ოჯახი შეეწირა ამ ქვეყანას… იური არის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირის, ავთანდილ ლომიძის შვილი. შესაბამისად, არასწორად აღსაქმელია, რომ გმირის ოჯახში გაზრდილი შვილი იჯდეს საბრალდებო სკამზე და ვამტკიცებდეთ მის უდანაშაულობას“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 13 პირს: კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას,
ავთანდილ თოფჩიშვილს, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.




