4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს პატიმრობა შეუფარდეს

4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს – პაატა ბურჭულაძეს, ს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეეფარდათ.
პროკურორ ვაჟა თოდუას შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დააკმაყოფილა.
იქამდე, დაცვის მხარე მარიდაშვილის აცილებას ითხოვდა, საფუძვლად კი მისი ობიექტურობის შესახებ კითხვის ნიშნების არსებობას ასახელებდა. ლელა მარიდაშვილი, რომელიც მოსამართლედ გამოსაცდელი ვადითაა დანიშნული, 2017-2023 წლებში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და “ქართული ოცნების” წევრი იყო. მან საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბრალდებულები 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს.
ზოდელავას, ბურჭულაძესა, ნადირაძეს და ბერიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ შემდეგი მუხლებით:
· 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· 225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
ბურჭულაძეს, ნადირაძესა და ზოდელავას, დამატებით, წარდგენილი აქვთ 317-ე მუხლი – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
რაც შეეხება მანჯგალაძეს, გამოძიება მას ედავება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
გუშინ, 6 ოქტომბერს, ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს კიდევ 13 ადამიანი. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ კიდევ ორი პირზე ძებნა გამოცხადებული.
გარდა ამისა, 5 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები. მისი თქმით, აღნიშნული ნივთები 4 ოქტომბრის აქციაზე უნდა გამოეყენებინათ. მაღრაძის თქმით, მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.
ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.
ამავე თემაზე:
· პაატა მანჯგალაძის სიტყვა სასამართლოში
· რა თქვა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოში
· ირაკლი ნადირაძის სიტყვა სასამართლოში