4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აქტივისტს, მარიამ მეყანწიშვილს სასამართლომ 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო, კიდევ ოთხს კი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულ პირებს: გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს და თემურ ქურციკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 10 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, გადახდის ვადად კი 30 დღე განესაზღვრა. ის გირაოს გადახდის შემთხვევაში გათავისუფლდება.
აღნიშნულით მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორ ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებული ხუთი პირიდან ოთხს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაული, რის გამოც მან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, პროკურორის თქმით, მას ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში ედება ბრალი, რის გამოც სასამართლოს 10 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართა.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, პროკურორის თქმით, ბრალის დასამტკიცებლად საქმეში მტკიცებულების სახით ვიდეო-ჩანაწერები არსებობს. ამასთან პროკურორი ბრალდებულების მხრიდან მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე უთითებდა, რის გამოც პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულები 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავდნენ, ხოლო მათი მხრიდან დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მათივე თქმით, არ არსებობს არც ახალი დანაშაულის, არც მტკიცებულებების განადგურების და არც მიმალვის საფრთხეები. ადვოკატებმა სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ არ არსებობს არანაირი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
რაც შეეხება ბრალდებულ მარიამ მეყანწიშვილს, რომელთან მიმართებითაც 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით თავად პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ მეყანწიშვილის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება და დარბაზიდან გათავისუფლება მოითხოვა.
ხოლო მეორე ადვოკატის, ნინო მეყანწიშვილის თქმით, თუ მარიამ მეყანწიშვილთან მიმართებით გირაო იქნება გამოყენებული, ის არ უნდა იყოს იმ ოდენობის, რომელსაც ბრალდებული ვერ გადაიხდის და ამის გამო ის პატიმრობაში დარჩება. ამასთან, ადვოკატმა სასამართლოს მიმართა, რომ გირაოს გამოყენების შემთხვევაში ის უნდა იყოს არასაპატიმრო და გადახდის ვადად 2 დღე განესაზღვროს.
სხდომაზე მყოფებს მიმართა ბრალდებულმა მარიამ მეყანწიშვილმა.
„თქვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებ. ხაშურელი ქალი ვარ და ხაშურელები ვართ ძალიან ჯიუტები. ნებისმიერი სცენარის განვითარების შემთხვევაში ჩემი ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ. ვიბრძვი ჩემი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიული მომავლისთვის“,- განაცხადა მარიამ მეყანწიშვილმა.
მოსამართლეს მიმართა ბრალდებულმა იური ლომიძემ, რომ არ გამოეყენებინა საპატიმრო ღონისძიება. მისი თქმით, ის პოლიციის რიგებიდან მთელი ცხოვრება ქვეყნისა და ხალხის სამსახურში იდგა.
„მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩემ ქვეყანას ვემსახურებოდი. 16 წლის ვიყავი ფორმა რომ ჩავიცვი .ფორმა გავიხადე იმ მიზეზით, რომ მსურდა ბავშვების აღზრდაში მიმეღო მონაწილეობა”,- განაცხადა იური ლომიძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში პოლიციამ გუშინ კიდევ 16 პირი დააკავა, სულ დაკავებულია 62 ადამიანი.
აქციის ფარგლებში დაკავებულ თემურ ქურციკიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გიორგი ტალახაძეს, იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!