4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ევა შაშიაშვილი სასამართლოზე – ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ – ჩემი პატიმრობა ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას გამოიწვევს, შემდეგ ციხეში ჩემ გარდაცვალებას

ცუდად ვარ, ვერ ვლაპარაკობ – ჩემი პატიმრობა ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას გამოიწვევს, შემდეგ ციხეში ჩემს გარდაცვალებას,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა ევა შაშიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბრალდებულის განცხადებამდე, მისმა ადვოკატმა, მარიამ ხაჭაპურიძემ შესავალ სიტყვაში განაცხადა, რომ ბრალდებული მის მდგომარეობას აპროტესტებდა და რაიმეს ხელში ჩაგდება არ სურდა.
„ევა შაშიაშვილი არის ონკოპაციენტი, რომელსაც ასევე აქვს სხვადასხვა დაავადება. მან მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ ჩასვან სიაში, რითაც ის შვილს მედიკამენტებს შეუძენს, რომელიც შშმ პირია. უთხრეს „თავი დაგვანებეთო”, რომ ვთქვათ თავში ქვა გიხლიათო, მაგრამ ეს ქვა ვის მოხვდება, ამაზე სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს. ის აპროტესტებდა იმ მდგომარეობას, რომელიც აქვს და არა ის, რომ მას რაიმეს ხელში ჩაგდება სურდა”, – განაცხადა მარიამ ხაჭაპურიძემ.
მარიამ ხაჭაპურიძის შესავალი სიტყვის დამთავრების შემდეგ, ამავე საქმეზე ბრალდებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ მოსამართლეს მიმართა და ევა შაშიაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, მის სიტყვებს კი დანარჩენი ბრალდებულებიც დაეთანხმნენ.
„ციხის კამერაში 6 კაცი ვსხედვართ. როდესაც ევა შაშიაშვილის ამბავი საკანში ტელევიზიით გავიგე ცრემლები მომდიოდა და საკანში მყოფთაგან მხოლოდ ერთმა თქვა, რომ რა მოხდა მერეო.
მე, ალექსანდრე გოგოლაძე, ვაღიარებ მის დანაშაულს და ევა შაშიაშვილი გაუშვით სახლში”,- განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძემ.