ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ჩემთვის უკვე ძალიან დიდი დანაშაულია – მე რასაც შევხედე იქ, უხერხულობა იყო ჩემთვის. ნახევარ საათში უკან [სახლში] ვიყავი , – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი საკანში ყოფნა სხვებს დისკომფორტს შეუქმნის.
ამასთან, დასძენს რომ ის გაქცევას არ აპირებს და “ამ ქვეყნის შვილია”.
“ის ფაქტი, რომ აქ ვარ, ეს უკვე ჩემთვის ძალიან დიდი დანაშაულია. ყველაზე მთავარი – ყველაფერი ადამიანებს შორის კეთდება იმიტომ, რომ სიკეთე იყოს და არა ბოროტება, მათ შორის სამართლის აღსრულება….
ჩემი ჯანმრთელობის გამო, კამერაში არსებული ხალხი უხერხულ მდგომარეობაში იქნება, საათ-ნახევარში ერთხელ უნდა ავდგე, გავიარო, ვარჯიში გავაკეთო, რომ ცოტა უკეთესად ვიგრძნო თავი.
ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდ უხერხულობას მანიჭებს ის, რომ დამატებითი ყურადღება დამჭირდება იქ, სადაც უნდა ვიყო.
6 ოქტომბერს მოვიდნენ ჩემთან, ვუთხარი, დაგერეკათ დალოცვილებო, თვითონ მოვიდოდი…
იქ რომ ვიყავი და რასაც შევხედე, უხერხულობა იყო ჩემთვის. ნახევარ საათში უკან [სახლში] ვიყავი. ვერსად გავიქცევი, ამ ქვეყნის შვილი ვარ”, – აღნიშნა ალექსანდრე გოგოლაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში კიდევ 4 ბრალდებულის: ალექსანდრე გოგოლაძის, დავით ჟღენტის, გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძის სასამართლო მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
სახელმწიფო ბრალდება ოთხივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 23 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი მათ შორის, აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.
