4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ბრალს უზუსტებენ

4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების (რომლებიც პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა) ადვოკატების ნაწილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამომძიებლებმა მათ გუშინ, 12 ნოემბერს, გვიან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბრალდებულებთან დღეს შევიდოდნენ.
„გარდა იმისა, რომ ბრალის დაზუსტება ხდება, არავითარი დამატებითი ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. დაზუსტება შეიძლება იყოს ტექნიკური ხასიათის, მუხლებით ან შინაარსში. ვფიქრობ, მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა იმისთვის, რომ უფრო მარტივი ვერსია შესთავაზონ დაკვეთის შესასრულებლად“, – უთხრა რადიო თავისუფლებას 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა.
როგორ დააზუსტებს ბრალს პროკურატურა აქციის მონაწილეების მიმართ, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც სხვა დაკავებულების ადვოკატებს.
„ინფორმაცია ჯერ დაზუსტებით არ გვაქვს. გვითხრეს, რომ ბრალის დაზუსტება დღეს იგეგმებოდა. გამომძიებლებისგან გვინდოდა მეტი ინფორმაციის მიღება, მაგრამ გვითხრეს, რომ მათაც არ ჰქონდათ პროკურატურიდან დადგენილება. დღეს, 17:00 საათის შემდეგ გავიგებთ, რას გეგმავს პროკურატურა“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ჯანრი თირქიას ადვოკატმა მარიამ მოდებაძემ.
ჯანრი თირქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე) და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა (222-ე).
4 ოქტომბრის აქციის 5 ორგანიზატორსა და 57 მონაწილეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს. მათი უმრავლესობა საპატიმროშია. მხოლოდ რამდენიმეს წინააღმდეგ მოითხოვა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად უფრო მსუბუქი ფორმის გამოყენება.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების “მშვიდობიანი დამხობის” მოწოდებით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა. ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა მცირე ჯგუფის მცდელობა, “გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები”, პრეზიდენტის ათონელის სასახლის “ჯებირების” გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა. გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ნივთის დაზიანება ან განადგურების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირების და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობის მუხლებით დაიწყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ