პოლიციამ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამოქალაქო აქტივისტი ნანა სანდერი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში, 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, 18 სამოქალაქო აქტივისტია, 5-ს კი აქციის ორგანიზატორობა ედება ბრალად. შსს-ს ცნობით, 3 პირი მიმალვაში იმყოფება.
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზატიო კომიტეტის წევრები იყვნენ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 18 სამოქალაქო აქტივისტის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს ჯერ არ უმსჯელია.
