300-დან 3000%-მდე ფასნამატების გამო, 4 ფარმაცევტული კომპანია ჯამში 560 000 ლარით დააჯარიმეს

მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესების გამო, 4 ფარმაცევტული კომპანია ჯამში 559 358 ლარით დააჯარიმეს. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მათ 300-დან 3000%-მდე ფასნამატი ჰქონდათ, რაც გამოწვეული იყო მათი არაკონკურენტული ქმედებებით.
უწყებამ დააჯარიმა:
· შპს გლობალ ცბს, მედიკამენტები: ოფლაბ-ოზი, ჰაიზინი, იორილი-10. ჯარიმის მოცულობა – 249 144 ლარი;
· შპს კონცეპტ ფარმა, მედიკამენტი ფლოქაზოლი. ჯარიმის მოცულობა – 21 646 ლარი;
· შპს რიჩ გრუპი, მედიკამენტი ზინასენი. ჯარიმის მოცულობა – 77 936 ლარი;
· შპს გეა – მედიკამენტები: ბისეპტოლი 120 მლ. ბისეპტოლი 480 მლ. ჯარიმის მოცულობა – 210 632 ლარი;
“მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას.
კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა”, – აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.
უწყებამ გასცა რეკომენდაცია, რომ აღნიშნულმა კომპანიებმა “საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინაღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით”.
კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, რომ ფარმაცევტული კომპანიცების შესწავლა 2023 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე. სააგენტომ შეისწავლა 8 კომპანიის სავარაუდო ხელოვნური ფასნამატი 14 მედიკამენტთან მიმართებით.