„3 წელიწადში კვალიფიციური კადრების გამოშვება არის სრული აბსურდი – გვეყოლებიან მაგისტრები, რომელთაც ზოგად განათლებაზე ცოტა მეტი ცოდნა აქვთ,” – ასე აფასებს განათლების ექსპერტი შალვა ტაბატაძე დაანონსებულ რეფორმას, რომლის მიხედვითაც ბაკალავრიატი შესაძლოა, ყველა მიმართულებით (სამედიცინოს გარდა) 3-წლიანი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს მთავრობამ განათლების რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ცვლილებები წარადგინა. პროგრამის მიხედვით, გარდა იმისა, რომ სკოლები შესაძლოა, 11-წლიან სწავლებას დაუბრუნდნენ, იგეგმება ბაკალავრიატში 3-წლიანი პროგრამების შემოღება. ამასთან, საუბარია კონკრეტული ფაკულტეტების მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში ინტეგრირებაზე.
როგორც შალვა ტაბატაძე „ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, ასევე აბსურდია პრინციპი – „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი”, რადგან ეს კონკურენციას მოკლავს, შესაბამისად, სწავლის ხარისხი ვერ გაუმჯობესდება.
„შეიძლება ითქვას, რომ 3-წლიანი პროგრამა აპრობირებული მეთოდია, მათ შორის, ევროპაში და ამაზე გადასვლა ბიზნესის მიმართულებით მოხდა კიდეც. ამაში სიახლე არაფერია. თუმცა, პრობლემურია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი სისტემა არ არის ევროპულის ანალოგი. იქ 12-13 წლიანი სასკოლო პროგრამით ძალიან მომზადებული კადრები მიდიან უმაღლესში. იქ ამ პროცესში ჩართული არიან დამსაქმებლებიც, ისინი 3 წელში ახერხებენ ისეთი კადრების მომზადებას, რომელიც მათ სჭირდებათ.
სამწუხაროდ, ჩვენ ეს გამოცდილება არ გვაქვს. თუნდაც ჩვენი ეროვნული გამოცდებიდან გამომდინარე. ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირებაზე ხვდება სტუდენტი, რომელსაც მათემატიკის გამოცდა ჩაბარებული არ აქვს, რადგან ეს სავალდებულო არ არის. ისედაც, მათემატიკა 40000 აბიტურიენტიდან 13 ათასმა ჩააბარა და აქედან 18% ჩაიჭრა, მინიმალური ზღვარიც კი ვერ გადალახა. ანუ, მათემატიკა არ იციან ჩვენმა აბიტურიენტებმა. ასეთ პირობებში, უმაღლესმა მათემატიკაც უნდა ასწავლოს…
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 3 წელიწადში კვალიფიციური კადრის გამოშვება არის სრული აბსურდი. მით უფრო, რომ ჩვენ არ გვაქვს ის სისტემები, რომელიც თეორიებს და პრაქტიკებს ერთმანეთს აბამს. ეს ნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრი არ გვეყოლება, გვეყოლებიან მაგისტრები, რომლებსაც ზოგად განათლებაზე ცოტა მეტი ცოდნა აქვთ.
რაც შეეხება პრინციპს „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი”, ესეც აბსურდია. ჯერ ერთი, ერთი ფაკულტეტი ერთ უნივერსიტეტში ნიშნავს, რომ ხარისხს აბსოლუტურად კარგავს, რადგან კონკურენცია არ იარსებებს, რომ გააუმჯობესონ სწავლება, ან კვლევა. მეორეს მხრივ, დღეს მსოფლიო ასე აღარ არის დაყოფილი, რომ ვიღაც ჰუმანიტარია და ვიღაც აგრომიმართულებას მიჰყვება მხოლოდ. ყველა მიმართულება ურთიერთდამოკიდებულია. ანუ ლინგვისტიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და ჰუმანიტარული მიმართულება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მათი გამიჯვნა როგორ შეიძლება.
ამიტომ, ასე დაყოფა, საბჭოთა კავშირის დროინდელ ფაკულტეტებად, რა თქმა უნდა, აბსურდულია. დარგის შიგნით განვითარებასაც არ უწყობს ხელს, აღარ ვსაუბრობ გლობალურ სამეცნიერო ტენდენციებზე. ეს არის სრულიად ჩამორჩენილი მიდგომა”, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
