29 აპრილს ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა

ხვალ, 29 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
„29-30 აპრილს, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. მინისტრი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც 2004 წლის ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება. გაფართოებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრი და გაფართოების ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღბს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ სხდომაში, ასევე დაესწრება ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების 20 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ბელგიისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, აჯა ლაბიბთან და სავიე ბეტელთან; ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში ვერა იუროვასთან, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან, იანოშ ბოკასთან, რომელთანაც განხილული იქნება უნგრეთის მომავალი თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები (უნგრეთი მ.წ. ივლისიდან 6 თვით გახდება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა).
მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები გაიმართება ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან.