“27 სექტემბერს სოხუმთან და სახლთან ერთად, მეუღლეც დავკარგე – საფლავიც არ მიპოვია”

27 სექტემბერი, რომელიც ერთი მხარესთვის სოხუმის დაცემის, მეორესთვის კი – გათავისუფლების დღედ მიიჩნევა, განსაკუთრებული სიმძიმით და ემოციური დატვირთვით არის აღქმული დან, განსაკუთრებით კი სოხუმიდან დევნილთა მიერ.
“მე ვარ მანონი ფიფია-სახურია. ვცხოვრობდით სოხუმში [ვაჟა–ფშაველას მეორე ჩიხი, სახლი 7, ბინა 5]. 26 სექტემბრის ღამით მეზობლებთან ერთად ვიმალებოდით ჩვენი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, რადგან მიმდინარეობდა მოსახლეობის დაბომბვა. ჩვენ ვცხოვრობდით აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახლოს, ცენტრში. ახლოს იყო შტაბი – ალბათ ამ მიზეზითაც იბომბებოდა. თვითმფრინავებიდან და ხმელეთიდან განუწყვეტლივ სკდებოდა ჭურვები. ასე მოვედით გათენებამდე.
როგორც კი გათენდა და დაბომბვა მიწყნარდა, ამოვიდა თეთრი ფერის „ჟიგული“, რომელსაც მართავდა ჩემი მეუღლის მეგობარი თემურ გაბუნია. „მთელი ღამე ჭურვები ცვიოდა და თქვენს მოსაკითხად მოვედი. უფლის ნებით რადგან ცოცხლები ხართ, სასწრაფოდ უნდა გამომყვეთ, სამშვიდობოს გაგიყვანთო“ – გვითხრა. პირდაპირ სარდაფიდან წამოვედით ცარიელ-ტარიელები. ვერაფერი მოვასწარით – მშობლები, ბავშვები და მე. თემომ გაგვიყვანა გულრიფშის რაიონში, სოფელ ქვემო ფშაფში.
ის ღამე გავატარეთ ტირილში. იქიდანაც ვხედავდით და გვესმოდა, რა ხდებოდა სოხუმში. მეორე დღეს ჩემმა მეუღლემ დაჭრილი ბიჭები მოიყვანა – გემით უნდა გადაეყვანათ. ჩვენც იმ უკრაინის სამხედრო გემზე აგვიყვანეს. ჩემი მეუღლე არ წამოვიდა – „მე აქ ვარ ჯერ საჭიროო“ – მითხრა. ჩვენ წამოვედით.
საბოლოოდ, ჩემი მეუღლე ფშაფში ჩატარებულ გაწმენდით ოპერაციას შეეწირა. საფლავს ვერ მივაგენით. „სადღაც ბაბუშერის ტერიტორიაზე ერთად ასაფლავებდნენო“ – კვალის დასაფარად.
ღმერთმა ქნას დაბრუნების ნატვრა აღსრულდეს, მაგრამ იმ ხალხთან შერიგება და პატიება ასეთი სადიზმისა არ ვიცი, რა ძალამ უნდა შეგვაძლებინოს.
რისთვის დაგვხოცეს? მხოლოდ იმისათვის, რომ ქართველები ვიყავით. სხვას რას ვაშავებდით.
მე სოხუმის მე-7 სკოლაში ვასწავლიდი. ერთადერთი აფხაზი ქალი მუშაობდა, ნესტორ ლაკობას შთამომავალი. მოკლედ, დამონებული ვყავდით. ვერ გვიტანდა მთელ პედაგოგიურ კოლექტივს, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად პატივს ვცემდით.
ომის მიმდინარეობისას მეზობელ აფხაზებს ვიცავდით მხედრიონისგან. იმათ კი გაგვწირეს. ჩვენს ბინაშიც ახლა აფხაზი ოჯახი ცხოვრობს.
ქმრის საფლავი რომ მაპოვნინა, იქნებ, კიდევაც მქონოდა იმედი, რომ მათთან დაბრუნება და თანაცხოვრება ღირს. დაბრუნება აუცილებელია, მაგრამ უდიდესი საკითხების გადაწყვეტის და სისრულეში მოყვანის შემდეგ. პირველი ნაბიჯი ამ საკითხში ჩვენ კი არა, აფხაზებმა უნდა გადადგან, რადგანაც ამ ტრაგედიის ინიციატორები თავად არიან. უნდა გამონახონ მათში სწორად მოაზროვნე ადამიანები და თავად გადაწყვიტონ. მერე ჩვენი საქმისა ჩვენ ვიცით.
აქ ჩვენთვის ბინა არ მოუციათ. არც მეუღლის გამო – ვეტერანის სტატუსი არ მაქვს. ვცხოვრობ სამეგრელოში, წალენჯიხის სოფელ ჯვარში, კოსტავას 6-ში.
ჩვენამდე აქ რუსები ცხოვრობდნენ. მათ სოჭში მისცეს ენგურჰესიდან ბინა. ეს კი დატოვეს. ჩვენამდე სამი წლის წასულები იყვნენ. იმ ბინაში შევედით თვითნებურად, რადგან წასასვლელი არსად მქონდა. კარი და ფანჯარა ჩვენ ჩავსვით წვალებით. დღემდე ვაწესრიგებთ, თუმცა არ გვაქვს დასაკუთრებული.
„ჯერ რუსების ბინებზე დასაკუთრების კანონი არ მიუღიათო“ – მითხრეს ადგილობრივ თვითმმართველობაში. რუსის რატომაა? მას ხომ მისცეს ამის სანაცვლოდ ფართი. ასე ვარ გაურკვევლობაში.
ჩემი შვილი ცალკე ცხოვრობს მისი ოჯახით. გათხოვილია, მას მისცეს. არ ვიცი დედამ რა დავაშავე. არაფერი მიმიღია. ბინაზე განაცხადი მქონდა, უარი მომივიდა. „საკმარისი ფართი გიფიქსირდებათო“.