საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 741 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენა.
„ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით ყალბი მინდობილობა შეადგინეს, თითქოსდა დაზარალებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს უფლებას აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთები განეკარგა. აღნიშნულის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზარალებულის კუთვნილი, 2 741 000 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულებით დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრზე გადააფორმეს, რომელმაც ქონება ჯერ იპოთეკით დატვირთა, შემდეგ კი გაასხვისა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ორი ბრალდებული დააკავეს, ხოლო სამის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ) მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




