ცნობილი ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი 68 წლის გახდა. რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ამ თარიღთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
რეზო ჩხიკვიშვილი 68!!!
როდესაც მარჯანიშვილის თეატრში ხმა დაირხა რეზო ჩხიკვიშვილი გერმანიაში მიდის სამუშაოდო, სიმართლე გითხრათ, არც ვიჯერებდით. საოცარი დებიუტის შემდეგ, რაც რუსთავის თეატრის სცენაზე შესრულებულ კოკა მხეიძისა (“დარაბებს მიღმა გაზაფხულია”) და კონსტანტინე ტრეპლევის (“თოლია”) როლებს გულისხმობს, რეზო მარჯანიშვილის სცენაზე უკვე ძალიან პოპულარული ახალგაზრდა, ყმაწვილი კაცი მოვიდა. 24 წლის ასაკში, მას უკვე ყველა ცნობდა ქუჩაში, თაყვანისმცემლების უზარმაზარი არმია ელოდებოდა სპექტაკლების შემდეგ, რეჟისორები კი ერთმანეთს ელოდებოდნენ რომ ის მათ სპექტაკლში მოხვედრილიყო. მარჯანიშვილური დებიუტიც უმნიშვნელოვანესი იყო – ერთდროულად მან ითამაშა ჯიშეი ჩიკამაცუს “შეყვარებულთა თვითმკვლელობაში” მედეა კუჭუხიძესთან და პეჩორინი და კასიო “თავადის ასულ მერისა” და “ოტელოში” თემურ ჩხეიძესთან. შემდგომ წლებში მოხდა ისე, რომ ყველა უმნიშვნელოვანესი როლის, რომელიც მან მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ითამაშა, შექმნის ან შესრულების პროცესის, უშუალო თვითმხილველი ვარ: ამადეო “ნეაპოლში”, ფერდინანდი “ვერაგობა და სიყვარულში”, ველსკი “გრაალის მცველნში”, ბატონიშვილი “უკანასკნელ დედოფალში”, არსაკიძე “დიდოსტატში”, კალიგულა “კალიგულაში”…
რეზო ჩხიკვიშვილი მართლაც რომ არაჩვეულებრივი მსახიობია, უმაღლესი რანგის პროფესიონალი და არაჩვეულებრივი, საოცრად კეთილგანწყობილი და კეთილისმსურველი კოლეგა.
დასანანია, რომ საოცარი წლები ქვეყნის გარეთ განვითარდა მისი შემოქმედებითი ტალანტი, თუმცა ის მუდამ იყო ქართული ნიჭიერების დესპანი უცხო მიწაზე.
დღეს იუბილარია. ვულოცავ უძვირფასეს რეზოს დაბადების დღეს. ქართული თეატრი ელოდება მის ქართულ სცენაზე დაბრუნებას და დარწმუნებული ვარ, ახალი სასწაულები გველოდება უკვე ქართულ სცენაზე.
p.s. არასდროს დამავიწყდება მისი ჩამოსვლა გერმანიის ქალაქ ვიტენში, ჩვენი “რწყილი და ჭიანჭველას” გასტროლის დროს და ის გულმხურვალე მხარდაჭერა, რაც მან იქ გამოგვიცხადა.
p.s.s. ჩვენ საერთო პედაგოგი გვყავდა – ლილი იოსელიანი! ქალბატონი ლილის 100 წლის იუბილესთვის გამოსაცემ კრებულზე მუშაობისას, მის არქივში გადავაწყდი პატარა ბლოკნოტს, სადაც რეზო ჩხიკვიშვილის სწავლის პერიოდის დღიური აღმოვაჩინე – პედაგოგის ჩანაწერები. იმ ჩანაწერების მიხედვით ნათელია, რომ დიდი პედაგოგი რეზოზე და მის მომავალზე არა მარტო იმედიანად იყო, არამედ მას მიიჩნევდა მნიშველოვან ძალად მომავალი ქართული თეატრისა. გუმანმა არც ამჯერად უღალატა მას.
