21-ე დღეა შიმშილობს თორნიკე თოშხუა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე ჯგუფურ ძალადობას ედავებიან

მოკლედ
· თორნიკე თოშხუა დაკავების შემდეგ შიმშილობს – ის 21-ე დღეა მხოლოდ წყალს იღებს.
· თორნიკეს შიმშილობის შესახებ მოგვიანებით გახდა ცნობილი, თავიდან ადვოკატი და ოჯახის წევრები მის გადარწმუნებას ცდილობდნენ.
· თოშხუა ყოფილი საჯარო მოხელეა, ის შემოსავლების სამსახურში მუშაობდა.
· ადვოკატის თქმით, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
თორნიკე თოშხუა ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შიშილობს – ის თვლის, რომ უკანონოდ არის დაკავებული და მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურია. როგორც თორნიკე, ასევე მისი უფლებდამცველი, მიიჩნევენ რომ დამნაშვე არა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, არამედ ყოფილი ფეხბურთელი და ხელისუფლების მხარდამჭერი, ბექა გოცირიძეა, რომელიც 16 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე დანით მივიდა.
ფსიქოლოგიურად მხნედაა, ფიზიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, როგორც თვითონ ამბობს, არ აპირებს შიმშილით თავი ისე დაიუძლუროს, რომ ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლოს” – უთხრა თოშხუას ადვოკატმა ოთარ ფურცელაძემ რადიო თავისუფლებას. მან თორნიკე პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს, 5 სექტემბერს მოინახულა.
თვითმხილველები, ვინც 31 ივლისს შეესწრნენ ინცინდენტს, რომელშიც თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მონაწილეობდნენ, ამბობენ რომ, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს. პოლიციამ გოცირიძე ტერიტორიას განარიდა.
რუსთაველზე 1 აგვისტოს მომხდარი ინციდენტიდან მალევე ბექა გოცირიძემ „ტიკ-ტოკზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჰყვებოდა, რომ ჩხუბში მოყვა და რომ პროევროპული აქციის მონაწილეებმა „მისი ცემაც კი ვერ მოახერხეს“. მას შემდეგ გოცირიძემ გამოაქვეყნა კიდევ არაერთი ვიდეო, რომლებშიც აქციების მონაწილეებს და მათ თანამოაზრეებს აგინებს და ამბობს, რომ „ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“.
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს. ჯგუფურად ძალადობის ბრალდება ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ფორუმი