2030 წლისთვის ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-დან 7% უნდა იყოს

2030 წლისთვის ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტიდან 7% უნდა იყოს. ამის შესახებ ნათქვამია „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც პრემიერ ს ხელმოწერით, საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
2025 წლისთვის ეს მონაცემი 5%-მდე უნდა იყოს გაზრდილი საბაზისო 4,2%-იანი მაჩვენებლიდან (2020 წ.).
დოკუმენტის თანახმადვე, შინამეურნეობების წილი, რომელთაც განიცადეს კატასტროფული დანახარჯები ჯანდაცვის მომსახურების შედეგად, 2030 წლისთვის 10%-მდე უნდა შემცირდეს საბაზისო 17,4%-იდან (2019 წ), მანამდე, 2024 წელს კი 14% უნდა იყოს.
ჯანდაცვის სერვისების უნივერსალური მოცვის ინდექსის 2030 წლის სამიზნე მაჩვენებლად 95%-ია განსაზღვრული საბაზისო 68%-იდან. 2024 წელს კი, შუალედური მაჩვენებლით, ეს მონაცემი 75% უნდა იყოს.
დოკუმენტში საუბარია ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენისა და მართვისთვის წინასადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსების მექანიზმების შემუშავებაზე, რომლის ვადად 2024 წლის პირველი კვარტალია დასახელებული.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ინდიკატორი – ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში მედიკამენტების წილი, რომელიც, გეგმის თანახმად, 48%-იდან (2020 წელი) 2024 წლისთვის 40%-მდე, ხოლო 2030 წლისთვის 25%-მდე უნდა შემცირდეს.
გეგმაში დასახელებულია ისეთი პრიორიტეტული მიზნები, როგორიცაა მედიკამენტების არარაციონალურ, ჭარბ მოხმარებასა და თვითმკურნალობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლის საშუალო დროის 15 წუთიდან (2024 წელი) 8 წუთამდე შემცირება, საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების მრავალწლიანი გეგმის მომზადება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის შექმნისას პირთა მიმართვიანობის წილის ზრდა პირველადი ჯანდაცვის ცენტრისადმი, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეგისტრის შექმნა და ამოქმედება და სხვა.
jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, ვთხოვო მშობლებს, როდესაც ბავშვები მოვლენ სახლებში და გეტყვიან, რომ მათი მასწავლებელი პოლიტიკაზე ელაპარაკება, დარეკონ განათლების სამინისტროს ცხელ ხაზზე“ – ლადო მგალობლიშვილი