„2026 მიქაუტაძის წელია“ – ესპანური გამოცემა As – ი „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელზე წერილს აქვეყნებს

„2026 მიქაუტაძის წელია“ – ამ სათაურით პოპულარული ესპანური გამოცემა As-ი „ვილიარეალის“ ქართველ თავდამსხმელზე წერილს აქვეყნებს.
„მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენია. ის გუნდის პროექტის სტრატეგიული ნაწილია როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. კლუბი ცდილობს, რომ ქართველისგან მაღალი დონის ფეხბურთელი მიიღოს, რომელიც, ერთი მხრივ, მინდორზე გოლებით დაეხმარება და, ამასთან, გაზრდის საბაზრო ღირებულებას.
„ვილიარეალის“ მთავარი აქცენტი მაღალი დონის თავდამსხმელის პოვნა იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგის დონეს შეესაბამება. ქართველმა ზაფხულში მის ტრანსფერში გადახდილი 30 მილიონი ევროს ინვესტიცია უნდა გაამართლოს.
მიქაუტაძეს სეზონის სტარტზე სტაბილურობა აკლდა. 2026 წელი კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელისთვის შესანიშნავად დაიწყო. გამოჩნდა, რომ ის კარგად უგებს პარტნიორებს და მშვენივრად ჯდება გუნდის სათამაშო სქემაში.
მიმდინარე სეზონში გიორგის ყველა ტურნირზე უკვე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც არც ისე ცუდი მაჩვენებელია, თუმცა ჩამოუვარდება იმ მოლოდინს, რომელიც „ვილიარეალში“ მისი შეძენის დროს ჰქონდათ.
მიქაუტაძეზე საუბრისას გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიო გარსია ტორალმა განაცხადა, რომ სიფრთხილეა საჭირო, რადგან ფეხბურთელს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება:
„ზოგჯერ ის კარგად ითამაშებს, ზოგჯერ – უარესად. მას აქამდე საფრანგეთს გარეთ ასპარეზობის მინიმალური გამოცდილება ჰქონდა და, ბუნებრივია, რომ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ის ყველაზე რთულ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ყველაზე მეტად ჩანს. მიქაუტაძეს ყოველთვის გამადიდებლით აკვირდებიან, რადგან შეუძლია, შედეგი განსაზღვროს““.
პირველი არხი