2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება – პროექტის თანახმად, ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 27 952.9 მლნ ლარს შეადგენს და ის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 11.2 მლნ ლარითაა გაზრდილი

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება.
მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში წარდგენილია. პროექტის მიხედვით, ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად 27 952.9 მლნ ლარს შეადგენს და ის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 11.2 მლნ ლარით.
ცვლილებებით საბიუჯეტო პარამეტრები განახლებულია და განსაზღვრულია შემდეგი მოცულობებით: მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი – 7,2%; მშპ-ს დეფლატორი – 4,7%; საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი – 3,9%; ნომინალური მშპ – 104 407,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები – 25 505,0 მლნ ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი – მშპ-ს 2,5%; მთავრობის ვალი – მშპ-ს 34,1%.
დეფიციტი – 2025 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო 2 561,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 2.5%-ია. ამასთან, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2 560,3 მლნ ლარს შეადგენს, რაც ასევე მშპ-ს 2,5%-ია.
2025 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი მთავრობის ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა მშპ-ის 34,1%-ია. საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2025 წლის ბოლოსთვის), საორიენტაციო შეფასებით მშპ-ის 0.02%-ია და მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს ვალის მოცულობაზე.
რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებს, შემოსავლების თავდაპირველი მაჩვენებელი 222,6 მლნ ლარით იზრდება და 32 133,5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრება. მათ შორის: – საგადასახადო შემოსავლები ჯამში იზრდება 200,0 მლნ ლარით და 25 505,0 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 21 940,0 მლნ ლარს (იზრდება 55,0 მლნ ლარით), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების წილი 3 565,0 მლნ ლარს (იზრდება 145,0 მლნ ლარით); გრანტები და სხვა შემოსავლები ჯამურად შეადგენს 2 761,2 მლნ ლარს (იზრდება 401,2 მლნ ლარით).
არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) მაჩვენებელი იზრდება 20,0 მლნ ლარით და 520,0 მლნ ლარს შეადგენს.
ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი შეადგენს 220,0 მლნ ლარს, ვალდებულებების ზრდის მაჩვენებელი – 3 127,3 მლნ ლარს.
პარლამენტში წარდგენილი საბიუჯეტო პროექტის მიხედვით, საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 22,7 მლნ ლარით იზრდება და 27 583,5 მლნ ლარს შეადგენს.
მათ შორის არის შემოსავლები – 23 816,2 მლნ ლარი, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 381,3 მლნ ლარით).
საგადასახადო შემოსავლები 21 940,0 მლნ ლარს შეადგენს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან მიმართებაში გაზრდილია 55,0 მლნ ლარით. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრება 7 549,0 მლნ ლარით (იზრდება 180,0 მლნ ლარით); მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 880,0 მლნ ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი თავდაპირველ გეგმასთან შედარებით შემცირებულია 190,0 მლნ ლარის ოდენობით. შემცირება ძირითადად გამოწვეულია საბანკო სექტორის 2024 წლის მოგების პროგნოზირებულთან შედარებით ნაკლები მოცულობით.
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8 136,0 მლნ ლარით (არ იცვლება თავდაპირველი პროგნოზი).
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 650.0 მლნ ლარის ოდენობით (უცვლელია თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში).
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 145.0 მლნ ლარით (მცირდება 5,0 მლნ ლარით).
სხვა გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 580,0 მლნ ლარის ოდენობით (იზრდება 70,0 მლნ ლარით).
სხვა შემოსავლების პროგნოზი იზრდება 340,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 690.0 მლნ ლარის ოდენობით (ზრდა გამოწვეულია ეროვნული ბანკის 2024 წლის მოგებიდან ფაქტიურად მიღებული სახსრებით);
გრანტების სახით დაგეგმილი მაჩვენებლები შემცირებულია 13,7 მლნ ლარით (საინვესტიციო გრანტების შემცირების ხარჯზე) და განისაზღვრება 186,2 მლნლარის ოდენობით;
არაფინანსური აქტივების კლების (პრივატიზაცია) სახით მისაღები თანხების გეგმა უცვლელია და შეადგენს 300.0 მლნ ლარს;
ფინანსური აქტივების კლების (სესხების დაბრუნება) მაჩვენებელი მცირდება 60,0 მლნ ლარით და შეადგენს 340,0 მლნ ლარს;
ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები თანხები განისაზღვრება 3 127,3 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის: – საშინაო ფასიანი ქაღალდების წმინდა გამოშვების მაჩვენებელი არ იცვლება და განსაზღვრულია 1 600,0 მლნ ლარით;
საინვესტიციო კრედიტების მაჩვენებელი, წლის ბოლომდე ათვისების პროგნოზის გათვალისწინებით, მცირდება 298,6 მლნ ლარით და შეადგენს 927,3 მლნ ლარს.
საბიუჯეტო დახმარების სახით მისაღები კრედიტების მაჩვენებელი უცვლელია და შეადგენს 600,0 მლნ ლარს.