2025 წლისთვის, $50-მილიონიანი საინვესტიციო გეგმა $2 მილიონამდე შევამცირეთ – ბიზნესმენი

„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის (GRDC) აღმასრულებელი დირექტორის ლევან ყარალაშვილის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, ინვესტორებს „საინვესტიციო აპეტიტი აღარ აქვთ“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ 2025 წლისთვის GRDC-ის $50-მილიონიანი საინვესტიციო გეგმა $2 მილიონამდე შეამცირეს.
$50 მილიონის პროექტები, რაზეც ბოლო წლები ვმუშაობდით, თაროზე შემოიდო – ლევან ყარალაშვილი
“საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია” ანუ GRDC-ი 20 წელზე მეტია საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მოთამაშეა და 200 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის მიზანია, გაზარდოს საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვით წვლილი შეიტანოს კომერციული უძრავი ქონების, დასვენებისა და პრემიუმ საცხოვრებელი სექტორის განვითარებაში. GRDC-ი სავაჭრო ცენტრ „თბილისის ცენტრალის“ მფლობელია.
GRDC-სს საინვესტიციო პარტნიორები ჰყავს დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან და, რა თქმა უნდა, საქართველოდან.
ლევან ყარალაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური სიტუაციის გამო, ინვესტორებს აღარ აქვთ სურვილი, საქართველოში ახალი და მსხვილი ინვესტიციები განახორციელონ.
„საინვესტიციო პროექტების ნაწილი გადამისამართდა [სხვა ქვეყანაში], პროექტების ნაწილი გაიყინა და გაუქმდა, ნაწილი დაკონსერვდა“ – ამბობს ბიზნესმენი და იქვე განმარტავს, რომ 2 მილიონი დოლარი, რომლის ინვესტირებასაც GRDC წელს აპირებს, ქართული მენეჯმენტის ძალისხმევის შედეგია.
„GRDC-ის აქციონერებს შორის, ქართველებთნ ერთად, 100-მდე უცხოელი პარტნიორია, რომელთაც აქვთ უზარმაზარი გამოცდილება და კაპიტალი იმ ქვეყნებში, სადაც მუშაობენ – იქნება ეს საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი თუ ნიდერლანდები.
ყოველწლიურად იმართება აქციონერთა კრება და [გადაწყვეტილებები] მიუთითებს იმაზე, რომ მათი პოლიტიკა, გააგრძელონ საქართველოში ინვესტირება, მინიმუმზეა დაყვანილი.
შედეგად, 2025 წლისთვის, $50-მილიონიანი საინვესტიციო გეგმა $2 მილიონამდე შევამცირეთ და ქართული მენეჯმენტის ძალისხმევით ხდება გაუმჯობესება არსებული აქტივების, რაც პირდაპირ შეიძლება იყოს მიბმული ფინანსურ შედეგებთან. იქნება ეს „თბილისის ცენტრალი“ თუ ისეთი დეველოპერული პროექტები, რომელიც გაშვებული იყო და მათი შეჩერება შეიძლება უფრო ზარალიანი იყოს, ვიდრე – ბოლომდე მიყვანა. დღეს, არანაირი საინვესტიციო აპეტიტი, ახალ საინვესტიციო თემებზე აღარ არსებობს“, – განაცხადა ლევან ყარალაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ახლა, GRDC-ის ქართული მენეჯმენტის ამოცანაა, აქციონერებმა საკუთარი ინვესტიციები შეინარჩუნონ.
“ეკონომიკაში სიღრმისეული რყევებია მოსალოდნელი, რასაც ვერ ავცდებით” – ლევან ყარალაშვილის შეფასება