2025 წელს „ოსკარის“ 97-ე ცერემონიაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით რუსუდან გლურჯიძის ფილმ „ანტიკვარიატს” წარადგენს

12 სექტემბერს, კინოცენტრის ორგანიზებით დადგენილი სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ამერიკის კინოაკადემიის 2025 წლის „ოსკარზე“ სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი გამარჯვებული ფილმი შეირჩა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჟიურის ოთხმა წევრმა ხმა დეა კულუმბეგაშვილის ფილმ „აპრილს” მისცა, ხოლო ხუთი ხმით კონკურსში გამარჯვებული რუსუდან გლურჯიძის ფილმი გახდა. სხვა საკონკურსო ნამუშევრებს ხმები არ მიუღიათ.
„საქართველოს სახელით ამერიკის კინოაკადემიის 2025 წლის „ოსკარზე“ სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის წარსადგენი საპროდიუსერო კომპანიების განაცხადების მიღება 2024 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და ამა წლის 6 სექტემბრამდე გაგრძელდა. კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ხუთი ფილმი: „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (რეჟისორი და პროდიუსერი – ბექა სიხარულიძე); „კაცი რომელიც ჯიხურთან იდგა“ (რეჟისორი დავით ქაფიაშვილი; პროდიუსერი ხათუნა ვაშაძე); „ეშმაკის სამოთხე“ (რეჟისორი ხათუნა ვაშაძე; პროდიუსერი გიორგი აზნაური); „ანტიკვარიატი“ (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, პროდიუსერი ზურაბ მაღალაშვილი) და „აპრილი“ (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი, პროდიუსერი არჩილ გელოვანი).
სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დაკომპლექტდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ზაზა შათირიშვილი (კულტურისა და კინოს მკვლევარი), ვლადიმერ კაჭარავა (პროდიუსერი), (პროდიუსერი), ლევან გიგინეიშვილი (ფილოსოფოსი), ნიკოლოზ შენგელაია (კინომხატვარი), ხათუნა ხუნდაძე (პროდიუსერი), გიორგი ჭუმბურიძე (რეჟისორი), ბაჩანა ოდიშარია (კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი) და გიორგი ცხვედიანი (კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის უმცროსი სპეციალისტი)“, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.