ცხოველთა და ფრინველთა საკვების დამამზადებელი საწარმოს „ნუტრიმაქსი“ მმართველი პარტნიორის, ბექა ბექაიას ინფორმაციით, კომპანია იანვრიდან საექსპორტო ბაზრებზე გააქტიურებას და რიგ ქვეყნებში საკუთარი წარმომადგენლობების გახსნას გეგმავს. BM.GE-სთან 2025 წლის გეგმებზე საუბრისას ბიზნესმენი აღნიშნავს: „საქართველოში ამბიციური გეგმები არ გვაქვს. ისევ და ისევ ამ სიტუაციებიდან გამომდინარე, სანამ რაღაც არ დამშვიდდება და უფრო მკაფიო ხედვა არ გვექნება”.
კომპანიის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ წელს “ნუტრიმაქსის” საექსპორტო პოლიტიკა ცვლის და თუ საექსპორტო ქვეყნებში კომპანია ყველა ოპერაციას დილერების საშუალებით აწარმოებდა, 2025 წლიდან კომპანია აღნიშნულ აქტივობას საკუთარ თავზე აიღებს. შედეგად, წელს “ნუტრიმაქსი” პირველი წარმომადგენლობის გახსნას ყაზახეთში გეგმავს.
“წლის პირველ ნახევარში, ჩვენი გეგმა გარე ბაზრებზე უფრო გააქტიურებაა. არა მხოლოდ ახალი საექსპორტო ბაზრების მიმართულებით, არამედ სადაც უკვე გვაქვს ექსპორტი. გვინდა, იქვე, ადგილზე უფრო აქტიური ნაბიჯების გადავდგათ. მათ შორის ოპერაციების კეთება, რასაც აქამდე თავს ვარიდებდით და ვცდილობდით დილერების საშუალებით გვეწარმოებინა. ახლა კონკრეტული გეგმები გვაქვს და ამას უკვე იანვრიდან დავიწყებთ”, – ამბობს ბექა ბექაია.
მისივე განმარტებით, დღეს, საზოგადოებაში არსებული გახლეჩილობა და პოლარიზება არის ძალიან ცუდი. ერთმანეთის მოსმენა არავის არ უნდა. შესაბამისად, ბიზნესმენი 2025 წელს ისურვებს, რომ ადამიანებს ერთმანეთთან საუბარი შეეძლოთ. პროცესების დეესკალაციაში კი, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მმართველმა ძალამ უნდა აიღოს, ვინაიდან ყველა ბერკეტი მის ხელშია.