„2024-2028 წლებში მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი“ – „აწარმოე საქართველოში“
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2024 წლის აპრილში დაიწყო. სტრუქტურული რეფორმა მიზნად ისახავს ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სახეობის, რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ბაზის განვითარებას. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რა შედეგები მოჰყვა სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას და კითხვებით სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მივმართეთ.
· სააგენტომ „აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2024 წელს დაიწყო. რა ღონისძიებები გატარდა და რა შედეგები გვაქვს?
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიების მხრიდან. ამ მდგომარეობით შემოსულია 17 კომპანიის 22 განაცხადი და მხარდაჭერილია 7 კომპანიის მიერ განთავსებული 9 ემისია, რომელთაც 312 მილიონ ლარამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი მოიზიდეს საფონდო ბაზარზე. დამატებით 7 განაცხადზე ვაგრძელებთ მუშაობას. მხარდაჭერილი 7 კომპანიიდან ორი მათგანისთვის ეს იყო ობლიგაციების პირველადი განთავსება. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე დაფინანსებული ემისიების პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნის მასშტაბით, ამავე პერიოდში გამოშვებული ემისიების 49.7%-ს შეადგენს.
· საუბარი იყო 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერაზე. რას ითვალისწინებდა მხარდაჭერა და როგორია შედეგები?
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს კომპანიების ორ კომპონენტში თანადაფინანსებას, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიების მხრიდან იყო მნიშვნელოვანი აქტიურობა. 2024 წელს პროგრამის ფარგლებში შემოვიდა 12 კომპანიის 15 განაცხადი და დაფინანსდა 5 კომპანიის მიერ განთავსებული 7 ემისია, რომელთაც 210 მილიონამდე დამატებითი საინვესტიციო რესურსი მოიზიდეს საფონდო ბაზარზე.
· როგორია ინტერესი დაფინანსების მაძიებლებისა და ფულადი სახსრების დაბანდების მსურველების მხრიდან?
კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მნიშვნელოვან და თანაბარ როლს ასრულებენ როგორც ემიტენტი კომპანიები, ისე იურიდიული თუ ფიზიკური პირები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ობლიგაციების როგორც კარგი საინვესტიციო ალტერნატივის პოპულარიზაცია მოსახლეობაში. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირების მხრიდან ობლიგაციებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
· სააგენტოს შეფასებით, რა უნდა გაკეთდეს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარების მიმართულებით?
საწყის ეტაპზე, პროგრამის ამოქმედება ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს და გარდამტეხი იქნება მისი განვითარებისთვის. 2024-2028 წლებში მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი. 2025 წელს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზარზე არსებული კომპანიებისა და ინვესტორების ცნობიერების ამაღლებას. ეს თავის მხრივ წაახალისებს ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას და გაიზრდება ობლიგაციების შეძენით დაინტერესებული ინვესტორების რაოდენობაც. შედეგად, რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიული და სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიცირების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.
· საუბარი იყო ასევე, კერძო ფონდების შექმნაზე. რა შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით?
მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აქტიურად მუშაობს კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, რომელშიც სახელმწიფოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი ექნება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით ამოქმედდება 3 კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობა 200 მილიონ ლარამდე იქნება. ფონდები განახორციელებენ ინვესტირებას მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში, რაც მათ დაეხმარება შემდგომ სწრაფ ზრდაში.
