საპენსიო სააგენტომ 2024 წლის საინვესტიციო შედეგები შეაჯამა და წლიური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა და ამავდროულად პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა საპენსიო სააგენტოს სოციალურ პლატფორმებზე. შედეგების პრეზენტაციისას საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ დეტალურად მიმოიხილა საინვესტიციო პორტფელები და მათი მომგებიანობა.
როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, 2024 წლის ბოლოს საპენსიო აქტივების მოცულობა 6.1 მილიარდ ლარს შეადგენდა, საიდანაც საინვესტიციო მოგება 1.4 მილიარდი ლარი იყო. საპენსიო ფონდის გაშვებიდან 2024 წლის ბოლომდე აქტივების ინვესტირების შედეგად წმინდა ნომინალური მოგება წლიურ 9.9%-ს შეადგენს, ხოლო, ინფლაციის გათვალისწინებით რეალური მოგება 3.9% იყო (გაწლიურებული).
საპენსიო სააგენტო სამ საინვესტიციო პორტფელს მართავს, რომლებშიც 1.4 მილიონი მოქალაქის დანაზოგებია ინვესტირებული. ყველაზე დიდი პორტფელი კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელია, რომელიც 2028 წლამდე ყველა მონაწილისთვის ავტომატური არჩევანია. 2024 წლის ბოლოსთვის მისი ზომა 5,997 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც ჯამური აქტივების 98.9%-ია, დანარჩენი ორი პორტფელის ზომა კი შესაბამისად 1%-მდე იყო. მომგებიანობის თვალსაზრისით დინამიკური საინვესტიციო პორტფელი ლიდერობს და 2024 წელს პორტფელის ამონაგებმა 13.6% შეადგინა, რაც კონსერვატიული პორტფელის 11.6%-იან ამონაგებს აღემატება.
ასევე აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელის მომგებიანობაში ყველაზე დიდი წვლილი საერთაშორისო აქციების პორტფელმა შეიტანა, რომელიც საპენსიო სააგენტოს აქტივის კლასებს შორის 2024 წელს ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელი 9,000-ზე მეტ კომპანიას მოიცავს, მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნიდან, მათ შორის ისეთ კომპანიებს როგორებიცაა Apple, Amazon, Google, Tesla, Meta, Samsung და სხვა.
პრეზენტაციაზე ასევე ხაზი გაესვა საკანონმდებლო ჩარჩოში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელმაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მოქნილობა გააუმჯობესა. გაიზარდა „სხვა ტიპის აქტივებში“ ინვესტირების ლიმიტები, გარდა ამისა ეროვნული ბანკის რეგულაციებში შესული ცვლილებების გათვალისწინებით შემსუბუქდა მინიმალური საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნები ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებზე, რაც საპენსიო ფონდის როლს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებში კიდევ უფრო გაზრდის“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
