სამინისტროებისა და სსიპ-ების გაზრდილი დაფინანსება – 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით ირკვევა, რომ ბიუჯეტის ხარჯები გასულ წელთან შედარებით თითქმის 3 მილიარდი ლარით იზრდება.
ამ თანხიდან კი სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული მოხელეების ხელფასები 2.57 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც წინა წელთან შედარებით 340 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნულს მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ და ამბობენ, რომ “ქართული ოცნება” ბიუჯეტს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს.
ცნობილია, რომ 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი იქნება.
“2024 წელს იზრდება პენსიები და სოციალური გასაცემელები. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების მიმართულებით და ჯამში, განათლების სექტორს 600 მლნ ლარამდე თანხა ემატება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების მიმართულებით. ასევე, დაახლოებით, 250 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე, ჯამში, წელს მიიმართება 6,7 მილიარდი ლარი. მნიშვნელოვანი ზრდები იყო სხვადასხვა ეკონომიკური პროგრამების განვითარების მიმართულებით”, – თქვა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 27 ნოემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ.