რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში ქვეყნის ფედერალურ ბიუჯეტში ნავთობსა და ბუნებრივ აირზე გადასახადებიდან 582.5 მილიარდი რუბლი ($7.1 მილიარდი) შევიდა, რაც 25%-ით ნაკლებია წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
პარალელურად, რუსეთში მზარდია ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტიც, რამაც Kyiv Independent-ის ცნობით, აგვისტოს ბოლოსთვის 4.19 ტრილიონი რუბლი ($49.4 მილიარდი) შეადგინა, რაც უკვე აღემატება რუსეთის მთავრობის მიერ მიმდინარე წლისთვის განსაზღვრულ წლიურ სამიზნე მაჩვენებელს.
იანვრიდან მოყოლებული ნავთობიდან და ბუნებრივი აირიდან მიღებული ჯამური შემოსავლები 1.7 ტრილიონი რუბლით ($20.7 მილიარდი) დაეცა და 6.6 ტრილიონი რუბლი ($80.4 მილიარდი) შეადგინა. ამასთან, ეს კლება თანდათანობით დაჩქარდა და 2025 წლის პირველ ცხრა თვეში კლების მაჩვენებელმა 21% შეადგინა.
ამ ფონზე 24 სექტემბერს რუსეთის ფინანსთა სამინისტრო დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) 20%-დან 22%-მდე გაზრდის ინიციატივით გამოვიდა.
სამინისტროს მიხედვით, რუსეთის მთავრობისთვის წარდგენილი საბიუჯეტო კანონპროექტი “ძირითადად თავდაცვისა და უსაფრთხოების საჭიროებების დაფინანსებას” ემსახურება.
აღნიშნული კანონპროექტით, “სოციალურად მნიშვნელოვან პროდუქციაზე,” როგორიცაა საკვები, მედიკამენტები და საბავშვო პროდუქტები, დღგ 10%-ზე შენარჩუნდება.
ამასთან, შეთავაზებული ცვლილებები გულისხმობს ახალ გადასახადებს ბუკმეკერებზე, მათ შორის 25%-იან კორპორაციულ საშემოსავლო გადასახადსა და მიღებული ფსონების 5%-ს.